ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ე.წ. პიროტეკნიკის გამოყებით გამოწვეულ ხმაურზეც გავრცელდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დღისა და ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს, დაჯარიმებას პიროტეკნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურზეც გამოიწვევს.
პიროტეკნიკის გამოყებით გამოწვეულ ხმაურთან დაკავშირებული პუნქტი პროექტს განხილვის პროცესში დაემატა. “ეს არის პრობლემა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია. გაჩნდა ორგანიზაციები, რომელიც მოქალაქეებს ამ სერვისს სთავაზობენ და ადამიანები, მაგალითად საბურთალოზე, საკუთარ პარტნიორებსა და მეგობრებს ფოიერვერკებს უწყობენ. კანონით კონკრეტდება, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი გამოყენება – მხოლოდ თვითმმართველობის ნებართვით დღესასწაულებზე და ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებზე“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის – 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.
ასევე, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები – საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2018 წლის 1-ელი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.
„ინტერპრესნისი“
www.interpressnews.ge