ტყიბულის გამგებლის ყოფილი მძღოლი ზაზა არსენიძე გამგებლის პირველ მოადგილეს მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ზაზა არსენიძემ განუცხადა, ორი დღის წინ ტყიბულის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა გაბრიაძე მას ზაზა კუპატაძესთან ერთად შეხვდა და გაბრიაძის მითითებით, კუპატაძე ფიზიკურად გაუსწორდა. არსენიძის ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტებია, რომლის გადაცემასაც ითხოვდა. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან პოლიციას შეატყობინა და ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

”გამგებლის პირველი მოადგილე შემხვდა და დამახვედრა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ზაზა კუპატაძე. მხოლოდ კუპატაძე გამისწორდა ფიზიკურად, თუმცა გამგებლის მოადგილის მითითებით. თვითონ დამიკავშირდა გამგებლის მოადგილე, დამინიშნა შეხვედრა ქუჩაში, სადაც მოხდა ეს ინციდენტი. მე ვითხოვდი გარკვეულ საბუთებს ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი ის იყო, რომ ვითხოვდი გარკვეულ დოკუმენტაციას, ასევე აუდიტის დასკვნას. ჩემგან ითხოვდნენ რომ დამეტოვებინა ქალაქი”, – განაცხადა ზაზა არსენიძემ.

მისივე თქმით, ტყიბულის გამგებელს ინციდენტამდე არ შეხვედრია და მისთვის უცნობია, უშუალოდ მისი დავალებით მოხდა თუ არა ანგარიშსწორება.
რაც შეეხება დაზიანებების ხარისხსა და სიმძიმეს, როგორც არსენიძემ აღნიშნა, მას უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდება მისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმე.

როგორც ტყიბულის გამგებლის ყოფილმა მძღოლმა აღნიშნა, გამოძიებამ უკვე დაკითხა გამგებლის მოადგილე და ასევე ზაზა კუპატაძე.

”იმედი მაქვს ტყიბულის პოლიციის და დარწმუნებული ვარ მათ ობიექტურობაში”, – აღნიშნა ზაზა არსენიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ს ინფორმაცია
www.interpresnews.ge