საია პოლიტიკოსებს ოთარ აბესაძესთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც მოხელის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს.
„მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა, საია გაუმართლებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს – იმ ერთადერთ ორგანოს საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ – ჯერ საქმის განხილვაც არ დაუწყია. აღნიშნული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებასთან, კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, რომ არ მოხდეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფო ორგანოების განწყობის წინასწარ ფორმირება, რათა არ შეილახოს მისი რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა იმ თავითვე არ იყოს მიკერძოებული. სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე საზოგადოების მხრიდან ყველა პირი უნდა იქნეს აღქმული უდანაშაულოდ. ოთარ აბესაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ სახელმწიფო უწყებების მსგავსად, მათაც პატივი უნდა სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას – დამტკიცებულ ფაქტად.