თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა ტყიბულიდან იყო. ოჯახის ახლობლებს უჭირთ იმაზე საუბარი თუ რას შეიძლება გამოეწვია უბედური შემთხვევა.
კოკა მიქიაშვილი უმცროს ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. მან ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა წლების წინ აიღო. რადგან, მამა მაშინ გარდაეცვალათ, როცა პატარები იყვნენ. კოკა მიქიაშვილმა აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა.
ის ენერგეტიკოსი იყო და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. დეიდაშვილის თქმით, ოჯახს ეს შემოსავალი არ ჰყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა უმცროსი ძმის დასახმარებლად მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა.
“ობოლი ბიჭი იყო, დედაც არ მუშაობდა. ძმა სწავლობდა, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა და ამიტომ გადაწყვიტა თვითონ ემუშავა, რომ ოჯახი შეენახა. ოჯახს გვერდით ედგა და ძმას მამობას უწევდა. ტყიბულში წამოსვლა და მუშაობა არც უცდია, რადგან მისი ძმაც თბილისში იყო და მის გვერდით ყოფნა არჩია. უნივერსიტეტი რაც დაამთავრა, მას შემდეგ სულ მუშაობდა. კოკა მშრომელი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო, ყველას ძალიან უყვარდა და აფასებდა”, – იხსენებს გარდაცვლილის დეიდაშვილი, აკაკი ფარცვანია.
კოკა მიქიაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც სიცოცხლე სამუშაო პროცესში, კერძოდ მშენებლობაზე დაასრულა. ამ და სხვა შემთხვევებშიც შესაბამისი უწყება ფატქზე გამოძიებას იწყებს. თუმცა, ამ დრომდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.