აგვისტოს ომიდან ცხრა წელი გავიდა,

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერეტორიაზე შემოიჭრა და რამდენიმე დღე ბომბავდნენ დამოუკიდებელი ქვეყნის ქალაქებს – გორს, ხაშურს, სენაკს, ფოთს და ზუგდიდს.
რუსი მეომრები ქალაქებსა და სოფლებში ტანკებით გადაადგილდებოდნენ, აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. ასევე იყო გაუპატურების ფაქტებიც. ომს მრავალი ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა.

აგვისტოს ომში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 2 მებრძოლი დაიღუპა. სოფელ ძიროვნიდან 24 წლის ნიკოლოზ(ნუკრი) ფორჩხიძე და სოფელ ხრესილიდან 19 წლის ფრიდონ ბრეგაძე.

ნიკოლოზ(ნუკრი) ფორჩხიძე 17 მებრძოლიდან ერთ-ერთია, რომელიც შინდისში მტერთან ბრძოლისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ნუკრი სენაკის ოცდამეორე ქვეითი ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერის მეოთხე ასეულში მსახურობდა, ის წოდებით კაპრალი იყო.

ფრიდონი ბრეგაძე მესამე ბრიგადაში მსახურობდა, აგვისტოს ომის დროს ნიქოზში იბრძოდა, დაბომბვაში მოყვა და იქედან ცოცხალი ვეღარ გამოვიდა.

ფრიდონის სერჟანტის წოდება ჰქონდა,ის ათი თვის მანძილზე ერაყში მსახურობდა და იქ ჩადენილი მამაცობისთვის სიგელით და მედლით იქნა დაჯილდოვებული.

ფრიდონის ძმა კოტე ბრეგაძე აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ძმასთან ერთად იბრძოდა, რუსული ავიაციის შემოსვლის დროს ხელში დაიჭრა და ნაიარები მას ხელზე დღემდე ეტყობა.

ფრიდონ ბრეგაძეს და ნიკოლოზ ფორჩხიძეს გარდაცვალების შემდეგ „მხედრული მამაცობისთვის“ მედალი საქართველოს პრეზიდენტმა მიანიჭათ.

ომში დაღუპულ ტყიბულელ მებრძოლებს მშობლიურ რაიონში არასოდეს ივიწყებენ, მათ გმირობაზე დღემდე საუბრობენ და სუფრაზე მათ მოსაგონარს შესვამენ.

დაღუპული გმირების საფლავებზე მათი გარდაცვალების დღეს ყოველთვის მიდიან ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და პატივს მიაგებენ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

აგვისტოს ომში დაღუპული გმირები საქართველოში დღეს ისევ გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ საფლავებს. ასევე ჩატარდა მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები.