ტყიბულის მუნიციპალიტეტში 4 მერობის კანდიდატია დარეგისტრირებული,რომლებიც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან. კანდიდატები მიმდინარე წლის 21 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის“ მოსაპოვებლად იბრძვიან.

მერობის ორ კანდიდატს გასულ წლებში უკვე ეკავა ტყიბულის გამგებლის თანამდებობა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე უკვე მეორედ ცდილობენ არჩევნების გზით დაბრუნებას. – ლევან დოხნაძე ყოფილი ხელისუფლების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს იკავებდა ტყიბულის გამგებლის თანამდებობას, რომელიც მისგან თემურ ჩუბინიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013 წლის იანვარში გადაიბარა. ხოლო თემურ ჩუბინიძემ აღნიშნიშნული თანამდებობა 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ გამგებლობის კანდიდატს, რობიზონ გვენეტაძეს გადააბარა, რომლის დაბრუნებასაც ჩუბინიძე არჩევნებში გამარჯვების გზით ისევ აპირებს.

მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გოდერძი ცნობილაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილა თავმჯდომარეა, მან ეს ადგილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013 წლის იანვარში დაიკავა. ცნობილაძე ამავე საკრებულოს წევრი იყო, როგორც სოფელ სოჩხეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მერობის კანდიდატობის წევრებიდან ერთ-ერთი რუსლან ჯულაყიძე პოლიტიკაში არასდროს ყოფილა, ის არჩევნეში პირველად მონაწილეობს და საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა- ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ტყიბულში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები „ოკრიბანიუსთან“ საუბრისას, მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ერთიდაიგივე პრობლემებზე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, მუნიციპალიტეტში მრავალი პრობლემებია:-წყალმომარაგება, გაზიფიცირება, შიდა სასოფლო გზები, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში დიდი მიგრაცია და მასიური უმუშევრობაა.

მერობის კანდიდატებს მიაჩნიათ, რომ არსებული პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს სწორად დაგეგმილი ადგილობრივი ბიუჯეტით, შესაბამის სამინისტროებთან მოლაპარაკებების გზით და ასევე, ბიუჯეტში ბიუროკრატიული თანხების შემცირებით.
საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა- ევროპული საქართველო“-ს ტყიბულის მერობის კანდიდატი რუსლან ჯულაყიძეა.
რუსლანი ჯულაყიძე 1986 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა ტყიბულში. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იურისტად.

რუსლან ჯულაყიძე ამბობს, რომ ტყიბულის მთავარი პრობლემებია „წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემების მოგვარება სოფლებში, გაზიფიკაციის დასრულება, შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება, სარკინიგზო სადგურების აღდგენა, საზოგადოებრივი თავშეყრის მოწყობა, სპორტული გამაჯანსაღებელი მოედნებისა და სკვერების მოწყობა.“ ამ პრობლემების გადაჭრას, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში თანხების ოპტიმიზაციის, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით გეგმავს და სხვა ტიპის დაფინანსების მოძიებას აპირებს.

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ტყიბულის მერობის კანდიდატია ლევან დოხნაძე.
ლევან დოხნაძე 1961 წლის 18 ივნისს ტყიბულში დაიბადა, 1983 წელს დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი – ისტორიის კვალიფიკაციით.
ლევან დოხნაძე 2007-2012 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ასევე, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამსახურებში.

ლევან დოხნაძე აცხადებს, რომ „მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემებია. ქალაქში და სოფლებში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა წყლის პრობლემა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია სოფლებში, მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხრესილის თემი, სადაც უხვად გაცემული დაპირებების მიუხედავად, სოფლის წყლით მომარაგებაში დიდი პრობლემებია. შეჩერებულია და არ გაგრძელებულა ტყიბულის საცარაო აუზის გადახურვის სამუშაოები, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ნადგურდება სპორტული სტადიონები. ასევე, მუნიციპალიტეტში არის უმუშევრობის პრობლემა. ტყიბულისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი – დიდი სიმძლავრის თბოელექტრო სადგურის მშენებლობა აღარ ხორციელდება და შესაბამისად, დაიკარგა ასობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა.

2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად ტყიბულის ისტორიაში, ქალაქში და სოფელ მუხურაში შემოვიდა ბუნებრივი აირი, მიუხედავად იმისა, რომ უვე 5 წელია გასული ქალაქი ტყიბულის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული, საუბარი აღარაა სოფლებზე“.

„დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი გოდერძი ცნობილაძეა.
გოდერძი ცნობილაძე 1967 წლის 2 დეკემბერს ტყიბულში დაიბადა,1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაციით.
1998-2006 წლებეში მუშაობდა სოჩხეთის თემის გამგებელად. 2006-2012 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის სკოლის დირექტორი. 2013-2014 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე. ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამსახურებში.

გოდერძი ცნობილაძე მუნიციპალიტეტის პრობლემების შესახებ საუბრობს და ამბობს რომ – „როგორც ქვეყანაში, ისე ტყიბულშიც პრობლემები ანალოგიურია – სოციალური ფონი, დასაქმება, ინფრასტრუქტურა და სხვა. მაგრამ ძირითადად, გამოვყოფდი მიგრაციის პრობლემას. ქალაქიცა და სოფლებიც დაცლილია, დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, რაც თავისთავად, განსაზღვრავს რეგიონის სოციალურ მდგომარეობას.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალაქის გარეუბნებში არსებული საცხოვრებელი ბინები. რომელთა ნაწილი დანგრულია, ნაწილი კი, ავარიულ მდგომარეობაშია. მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას ფონდი,რომელიც დაეხმარება მობინადრეებს საცხოვრებელი ბინების აღდგენაში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნას მუხლი სოფლის მეურნეობის პროექტების წასახალისებლად. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. დაპირებებმა ამომრჩეველი ძალიან დაღალა და ამიტომ ერთს ვიტყვი, პატიოსნად და გულწრფელად ვემსახურები ჩემს ტყიბულელებს“-აცხადებს ცნობილაძე.

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-დან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძეა.

თემურ ჩუბინიძე 1952 წლის 31 მაისს ტყიბულში დაიბადა, 1980 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია – საზოგადოებათმცოდნეობის ფაკულტეტი, ისტორიკოსის კვალიფიკაციით.
თემურ ჩუბინიძე 2013-2014 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2016 წლის ივლისიდან ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე. ასევე, სხვადასვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში, საპასუხისმგებლო თანამდებობეზე.

მერობის კანდიდატი ამბობს რომ, მუნიციპალიტეტში მთავარი პრობლემა მასიური უმუშევრობაა. ასევე პრობლემებია მოსახელობის წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების, გზების, სპორტული, კულტურული ობიექტების, ბაგა-ბაღების მშენებლობის რეაბილიტაციის საკითხებში.

ჩუბინიძეს მიაჩნია, რომ შესაბამის სამინისტროსთან და უწყებებთან აქტიური თანამშრომლობითა და კომუნიკაციით შესაძლებელია დასახელებული პრობლემების მოგვარება.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობა იქნება მოქნილი, ეფექტური და საერთო მიზნისკენ ორიენტირებული.

„დავიცავ სამართიალიანობის პრინციპებს, მუნიცილიტეტი დაკომპლექტება კვალიფიციური და პატიოსანი კადრებით“- აცხადებს ჩუბინიძე.

ვინ გახდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, ეს ტყიბულელ ამომრჩველზეა დამოკიდებული, რომლებიც საკუთარ არჩევანს 21 ოქტომბერს გააკეთებენ.

გიორგი სულაძე
„ოკრიბანიუსი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.