საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით რეგიონებს შორის გაცვლითი პროექტი “ჩემი საქართველო აქ არის” ხორციელდება. 29 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მასთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები სტუმრობდნენ.
პროექტის მიზანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების დაახლოება და ერთმანეთის კულტურული ცხოვრების გაცნობაა. ეს კი ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებში საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობას. პროექტში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივი მიიღებს. ჩვენს ქალაქში გამართულ ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჩუბინიძე დაესწრო. კონცერტს ესწრებოდნენ ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში 20 მაისს ადიგენის მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის შემოქმედებით კოლექტივებს უმასპინძლებს. წლის ბოლოს კი საქართველოს ყველა რეგიონი თავს თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოიყრის.
თეონა ჯანელიძე