“როგორ გადავარჩინოთ დედამიწა” – ამ სახელწოდებით მოეწყო ასფალტზე მხატვრობა ტყიბულში, რომელიც დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.მასში მონაწილეობა ჩვენი ქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც დედამიწის გადარჩენის საკუთარი ვერსია და ნააზრევი ფერადი ცარცით ნახატებში გადმოსცეს. აღნიშნული ღონისძიება ტყიბულში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის” ორგანიზებითა და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
ამავე დღეს პარალელურად გამოფენა მოეწყო სამხატვრო სკოლაში. “დედამიწა ჩვენი საერთო სახლია” – ეს თემატიკა იყო მოსწავლეების შთაგონების წყარო. გუაშითა და აკვარელით შესრულებულ იქ გამოფენილ ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნა ასევე გრაფიკაც. საგამოფენო დარბაზში ამ დღისადმი მიძღვნილ ნამუშევრებს ასევე იქვე ასრულებდნენ სამხატვრო სკოლის მოსწავლეები.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრისა” და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის სახელით დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის ამ დღეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა. საქართველოში ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება. დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებაში მონაწილე მილიონობით მოხალისეს ჩვენი ქალაქიც შეუერთდა.
თეონა ჯანელიძე
http://www.youtube.com/watch?v=vQ6GxT-XFS0