სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს.
მათივე განცხადებით, მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12:00 საათზე უნდა დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ.
პატრიარქი შესთხოვს უფალს, რომ “ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე”.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს უფლის შობას დღესასწაულობს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
წყარო-“ინტერპრესნიუსი” www.interpressnews.ge