20 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ქრისტეს აღდგომასთან ერთად აღდგა ჩვენი რწმენა და სასოება მაცხოვრისადმი.აღდგომის დღესასწაულს ქართველი მართლმადიდებლები განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან. მათ შორის ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლიც. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღდგომის ღამით ჩვენს ტაძარში ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იონე (კობახიძემ) მამა გაბრიელთან ერთად აღასრულა. სააღდგომო ლიტანიაში და სადღესასწაულო გალობაში მონაწილეობა ყველასათვის უდიდესი მადლია. უამრავი ტყიბულელი შეიკრიბა ეკლესიის ეზოში, მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. ხატების გამობრძანების შემდეგ, საზეიმო ლოცვა დაიწყო. სასულიერო პირებმა მრევლს ქრისტეს აღდგომა მიულოცეს.
სააღდგომო წირვის დასრულებისთანავე დიდმარხვის შემდეგ ტყიბულელი მრევლი უფლის სისხლითა და ხორცით ეზიარა. ცისკრის ჟამს კი ზიარების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ კიდევ ერთხელ მიმართა მრევლს ქადაგებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და დალოცა ისინი.
ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე ეკლესია შავი სამოსელისაგან განიმოსება, რაც მარხვის დასრულების მაუწყებელია. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში მორწმუნეთათვის ხსნილია.
თეონა ჯანელიძე