13 აპრილს სრულიად მართლმადიდებლურმა სამყარომ ბზობის დღესასწაული იზეიმა. სახარების თანახმად, იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხალხი პალმის რტოებს უფენდა გზაზე. სამხრეთის ქვეყნებში უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე გამოიყენება პალმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში პალმა ცოტაა, იგი ბზით შეცვალეს. თვით დღესასწაულის ჩვენში დამკვიდრებული სახელწოდება – ბზობა – ამ მცენარის სახელწოდებიდან მომდინარეობს.

ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად უფენდა გზაზე უფალს პალმის ტოტებს.

“ხალხი ეგებებოდა იესო ქრისტეს პალმის რტოებით ხელში, ვითარცა მძლეველს… ჩვენ გვიჭირავს ბზა და ამით ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის სიკვდილის, დემონისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი”, _ გვიქადაგებს არქიმანდრიტი რაფაელი. ამასთანავე, ბზის და პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოსახავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში.
ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღეს ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი (შალამბერიძემ) ჩაატარა. ბზობის დღესასწაულზე სამეუფეო წირვას ტყიბულში უამრავი მრევლი ესწრებოდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *