უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად,ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი, საცხოვრებელი სახლებიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში ინაცვლებს.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, მოსახლეობას დღემდე რჩება კითხვები, როგორ უნდა ებრძოლონ მავნებელს. იმის გათალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე საერთაშორისო – ამერიკისა და ევროპის გამოცდილებას ეყრდნობა, ერთ-ერთი მთავარი რეკმენდაცია რომელსაც სპეციალისტები გაცემენ, ეს არის საველე პირობებში ქიმიური წამლობა.
როდის უნდა ჩავატაროთ ქიმიური წამლობა?!
აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში პარაზიტირებას გაზაფხულიდან იწყებს. გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით კვებას იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. კვების პარალელურად ფოთლის ქვედა მხარეზე დებს კვეცხებს. უკვე 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან.
ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე, აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი, ეს არის აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლი, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ. ამ დროს ყურადღება უნდა მიექსცეს, რომ მცენარეები ინსექტიციდებით დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში.
მნიშველოვანია გავითვალისწინოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკმენდაცია. სეს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქიმიური პრეპარატი შეიძინონ მხოლოდ ლიცენზირებულ აგრომაღაზიებში და ის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოიყენონ.
რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა?
I წამლობა – ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე – ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში – შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდებს ძირითადად თხილნარში იყენებენ, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. თუმცა იგივე პერიოდში ქიმიური საშუალებით უნდა დამუშავდეს ხეხილი და ბოსტნეული.
II წამლობა – ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში.
III წამლობა – თხილის მოსავლის აღების შემდეგ
IV წამლობა – სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
V წამლობა – სიმინდის ნათესებში, თუ დაკვირვების შემდეგ ამის საჭიროება გამოიკვეთება.
რა ქიმიური პრეპარატებით შეიძლება აზიური ფაროსანას შეწამვლა
აზიურ ფაროსანსთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქარველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია. ბიფენტრინის, ჯგუფის პრეპარატი მწერის ორგანიზმში მოხვედრისას მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, არღვევს ნერვული სისტემის გამტარიანობას, შედეგადაც მწერი პარალიზდება, ბოლოს კი კვდება. შესაბამისი ნორმების დაცვისას, ქიმიური საშუალება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიმართ ფიტოტოქსიკურობას არ იწევს. რეკოკმენდაციები კი შემდეგია: 10 ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას 30 მლ. პრეპარატი. 1 ჰექტარ ფართობზე შეწამვლისას დაახლოებით 300 – 600 მლ. საჭირო.
უსაფრთხოების ნორმები წამლობისას
მავნებლის წინააღმდეგ, კულტურების ქიმიური საშუალებებით დამუშავებისას აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შეწამვლა უნდა განხორციელდეს სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი აგრეგატით. დამოკიდებულია შესაწამლ ფართობზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო უსაფრთხოების კონკრეტული ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებს.
პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ აუცილებელია სასმელი წყლის ჭების დახურვა. ასევე არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. ხოლო შეწამვლამდე მოსახლეობამ უნდა ფრინველები და ცხოველები იზოლირებულ გარემოში უნდა ამყოფოს, შეზღუდონ ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ.
წამლობის ჩატარებამდე საჭიროა გავითვალისწინოთ ამინდის პროგნოზი. ღრუბლიან დღეს- შუადღის საათებში და ქარიან ამინდში, პრეპარატის შესხურება აკრძალულია. ამან შეიძლება პრეპატარის სხვა ტერიტორიაზე გავრცელება გამოიწვიოს. ხელსაყრელი ამინდი და დრო უქარო დღეს, დილის საათებია.
შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.
ბიოლოგიური პრეპარატები მავნებლის წინააღმდეგ
აზიურუ ფაროსანასთან საბრძოლველად ქიმიურ საშუალებებთან ერთად ბიოლოგიურ პრეპარატებსაც გამოიყენებენ. 2017 წლიდან საქართველოში თურქული ხოლო მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა, რომელიც თურქული წარმოების მსგავსად სოკოს შტამზეა დამზადებული. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან. სეს-ის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში, ან მავნებლის მცირე რაოდენობის დროს გამოიყენება.
„თუ ადამიანი ბიოლოგიური პრეპარატით თავის საკარმიდამო ნაკვეთს რამდენჯერმე შეწამლავს, ალბათ სასურველ შედეგს მიაღწევს“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.
შეწამვლის რეკომენდირებულ პერიოდად ამ შემთხვევაშიც ბაღლინჯოს ნიმფის ფაზა სახელდება.
ქართველი მეცნიერების ბიოლოგიური პრეპარატი
მოსახლეობის დამოკიდებულება ქიმიურ საშუალებებთან დაკავშირებით განსხვავებულია. მათი ნაწილი მუდმივად მოითხოვდა ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ბიოლოგიური შესაწამლი საშუალების გამოყენებას. პრეპარატი, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს ეკუთვნის. სასწავლებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეპარატი ახლა ფინალურ გამოცდას გადის, ტესტირების რეჟიმში კი აშშ-ს, უკრაინისა და ბელურუსიის სამეცნიერო ჯგუფების ჩართვაა გათვალისწინებული. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებენ. მათ ნივთიერების რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ. პრეპარატის რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.
რას გეგმავს სახელმწიფო 2018 წელს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 2018 წელს სახელმწიფომ 50 მლნ გამოყო. მთავრობამ 360 ათასი ქიმიური პრეპარატი შეიძინა. საჭირო ქიმიური პრეპარატების შესყიდვაზე 15 მლნ ლარი დაიხარჯა და დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. გასულ წელს მოსახლეობამ სახელმწიფოსგან, ბაღლინჯოს შესაწამლად საჭირო პრეპარატები უფასოდ მიიღო. მსგავსი მოლოდინი არსებობდა წელსაც. თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ რომ სახელმწიფო აღარ დაარიგებს პრეპარატს და შესყიდული შესაწამლი საშუალება განკუთვნილია ხეხილისა და ნათესი ფართობების, ასევე მიტოვებული და დასახლებული ნაკვეთების დამუშავება, მოსახლეობას კი საკარმიდამო ბაღების შეწამვლა საკუთარი სახსრებით მოუწევს.
სტატია მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
ავტორი: ირმა ჭარაქაშვილი