მამაკაცი, რომელსაც სოფელ მუხურაში მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, შოკურ მდგომარეობაშია და მკურნალობის კურსს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამავე ცენტრის ექიმმა ქეთევან თარგამაძემ უთხრა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„ავადმყოფს სასუნთქი გზების თერმოინგალაციური დაზიანება აქვს. დამწვარი აქვს სხეულის თითქმის მეოთხედი. მრავლობითი დაზიანება აქვს. ღრმა დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. იგეგმება ოპერაციაც. ავადმყოფი რეანიმაციაში შოკურ მდგომარეობაშია“, – განაცხადა თარგამაძემ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
წყარო- „ინტერპრესნიუსი“ www.interpressnews.ge