„საქნახშირში“ მიმდინარე წელს დიდი გადაიარაღება მოხდა. ჩატარდა არაერთი სარემონტო სამუშაო, მოხდა ტექნიკური გადახალისება და უსაფრთხოების კუთხით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს ვესაუბრეთ.
-კომპანიამ 2017 წელი შრომატევადი სამუშაოებით დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარში შახტებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. რა მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი?
-2017 წლის იანვრის თვეში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა, მისმა მოცულობამ და სირთულემ გამოიწვია საექსპლუატაციო სამუშაოების შეჩერება ყველა ნახშირმომპოვებელ უბანზე, ვინაიდან სარემონტო სამუშაოები არ იყო თავსებადი ნახშირის მოპოვებასთან. თუმცა ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის საკითხი, რომელიც დასაქმებულთა ანაზღაურებასა და ფინანსურ მდგომარეობას შეეხებოდა, დამუშავდა სპეციალური გეგმა, რომელიც ასეთ ვითარებაში მეშახტეთა ანაზღაურებას განსაზღვრავდა, ისე რომ დასაქმებულები არ დაზარალებულიყვნენ.
შევიძნეთ ახალი თანამედროვე ტექნიკა-გვირაბგამყვანი კომბაინი, ქანსატვირთი მანქანა, ფუჭი ქანის დამტვირთავი ჰიდრო ჩაქუჩი, 250 ნახშირის გადამტანი თვითმცლელი ვაგონი, 3 ახალი ელმავალი, 5 ნახშირის გადამტანი ავტომანქანა და სპეც ტანსაცმელი. შეიცვალა ზედაპირული კომპლექსის ვაგონ-გადამყირავებელი დანადგარი. +275 ჰ-ზე შახტის ეზოში დამონტაჟდა ახალი ვაგონ-გადამყირავებელი დანადგარი, რაც საშუალებას იძლევა სალიანდაგო მეურნეობის სუფთად და გამართულ მდგომარეობაში შენახვისა და ცენტრალური კვრეშლაგის სამთო მასისგან გასუფთავებას. მოხდა ძველი რკინიგზის 800 გრძივი მეტრის დემონტაჟი და დაიგო ახალი. თუმცა ამ დროისთვის, სამკილომეტრნახევარი მთლიანად შეცვლილია ახლით. მეხუთე შუროში დამონტაჟდა 80,0 გრძივი მეტრი ნახშირსაყრელი, მოხდა ძველი 700 მმ მილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი.
-რა გაკეთდა კომპანიაში უსაფრთხოების კუთხით?
-უსაფრთხოების კუთხით შეიქმნა ახალი სტრუქტურა „შრომის დაცვის, ეკოლოგიისა და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი“. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს მუდმივ მონიტორინგს და ინსპექტირებას მიწისქვეშა სამთო სამუშაოების მიმდინარეობაზე, გამამდიდრებელი ფაბრიკის და თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაზე. დეპარტამენტს დავით რობაქიძე ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის იმ სამთო ოსტატებს, რომლებიც ყოველ დღე, ყოველ ცვლაში არიან ნახშირმომპოვებელ უბნებზე განსაზღვრული იმისთვის, რომ აკონტროლონ მათ დაგაზიანების რეჟიმი, ასეთ სამთო ოსტატებს ჩაუტარდათ გადამზადება, ტრენინგები და შემდგომ გამოცდა. კომპანიის მიერ მოწვეული იქნა საქართველოში ყველაზე გამოცდილი ტრენინგ-ჯგუფი, კომპანია „საქვო“, რომელიც „ბი-პი“-ს სტანდარტებით მუშაობს და ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს. ამ ტრენინგების შემდეგ, თანამშრომლებს ჩაუტარდათ გამოცდები და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები. სერტიფიკატი იყო სამი დონის და მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს ჩვენმა თანამშრომლებმა.
ამასთან დღეს უკვე ყველას თავისი, ინდივიდუალური თვითმაშველი აქვს. ძველი მოდელები გარედან აღებულ ჰაერს ფილტრავდა და ისე აწვდიდა. ახალ მოდელებს აქვს დამოუკიდებელი ჰაერის ბუშტი, საიდანაც შეგიძლია 45 წუთის განმავლობაში ისუნთქო მაღალი კონცენტრაციის სუფთა ჰაერი.
-ბატონო ჯამბულ, რა სამუშაოები ჩაატარა „საქნახშირმა“ ტექნოლოგიური გადაიარაღების ფარგლებში?
-ქვანახშირის გამამდიდრებელ ფაბრიკაში საკმაოდ კარგი პროექტი განვახორციელეთ. დამონტაჟდა „პრესფილტრი“. ახალ დანადგარში ტუმბოთი ხდება 0,250 მიკროიანი ნახშირის ნაწილაკების შესვლა, პრესფილტრი იჭერს შლამს, ხოლო წყალს გარეთ გამოდევნის და შესაბამისად ახდენს შლამის გაუწყლოებას. პრესფილტრი ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად, მასში თავს იყრის ქარხნიდან გამოსული მტვრის ნაწილაკები და მათი მოხვედრა ჰაერში აღარ მოხდება. ამაში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. დაახლოებით 60 ტონამდე ნახშირს ვღებულობთ აქედან. ყველა ამ პროცესებმა დასაქმებუთა ზრდაც გამოიწვია. საერთო ჯამში 100 ადამიანი დასაქმდა კიდევ მიმდინარე წელს „საქნახშირში“, რაც იმან განაპირობა, რომ ადრე მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობდა ოთხ უბანზე, ახლა უკვე ხუთი უბანია.
თბოელექტროსადგურზე კი შევცვალეთ მტვერის მოცილების სისტემაც, ციკლო ფილტრი, რა დროსაც ხდება 99%-ით მტვერის სველი მოცილება. სისტემა ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კონსტრუქციულად მთლიანად შეიცვალა საცეცხლე. ასევე წიდის სველი მოცილების ახალი კონვეიერებით შეიცვალა მშრალი მოცილების კონვეიერები. გაკეთდა სამ განყოფილებიანი დამლექი რეზერვუარები.
მოვახდინეთ ძველი სანაყაროს გატანა ქალაქგარეთ და მანქანების მოძრაობაც გადავიტანეთ მდინარის გასწვრივ, ისე რომ, ავტომანქანები უკვე ქალაქის საავტომობილო გზას და მოსახლეობას აღარ გაივლიან. მანქანები ქალაქის ნაწილში მხოლოდ შახტიდან ქვანახშირის გამამდიდრებელ საწარმომდე გადაადგილდებიან.
-ცნობილია, რომ მინდელის სახელობის შახტისთვის ახალი პროექტი მზადდება…
-გვინდა, რომ 2021 წლის ბოლოს ნახშირის მოპოვება გვქონდეს 650 000 ტონა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.
-„საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“ არის კომპანია, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა ტყიბულში. რა სახის ქველმოქმედება გაწია კომპანიამ 2017 წელს და რომელი სფეროების დაფინანსება მოხდა?
-გეტყვით, რომ „საქნახშირმა“ შეძლებისდაგვარად შეძლო ეზრუნა ქალაქზე და ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც კომპანიაში არიან დასაქმებულები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე. კომპანიის კეთილი ნების გამოხატულებაა, რომ წლის განმავლობაში შახტაზე მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დაშავებულებს ყოველთვიური დახმარება ერიცხებათ. მოხდა კომპანიაში იმ მეშახტეთა ოჯახის წევრების დასაქმება, რომლებიც სამწუხაროდ წელს უბედური შემთხევების შედეგად დაიღუპნენ. ასევე მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაუწიოს მეშახტეებს და მათი ოჯახის წევრებს შექმნილი ოჯახური, ჯანმრთელობის და სხვა პრობლემების გამო. სასკოლოდ მეშახტეთა პირველკლასელ შვილებს საჩუქრად გადაეცათ სასკოლო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების კომპლექტი. წლის განმავლობაში კომპანიის დაფინანსებით მოხდა მრავალი სფეროს წახალისება და ნიჭიერი ადამიანებისათვის დახმარების გაწევა. „საქნახშირის“ ინიციატივით ტყიბულში ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ტყიბულის ოცამდე სოციალურად დაუცველ ბავშვს ინგლისური ენის შესწავლა დაუფინანსდა. წლის მანძილზე სამჯერ მოხდა თანამშრომელთა 15 კაციანი ჯგუფის გადამზადება თბილისში, სადაც მათ სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ. კომპიუტერის შემსწავლელი ტრენინგების ჩატარება მოხდა ასევე ადგილზე, სადაც საოფისე პროგრამები შეისწავლეს. კომპანიის თანადგომით გარემონტდა „ეკო ჰაბის“ ოთახი. ჩვენ ვახორციელებთ არამხოლოდ ფულად დახმარებას, არამედ ქველმოქმედების სახით გავცემთ ქვანახშირს ეკლესია-მონასტრებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის, რომლებიც სათბობად ქვანახშირს გამოიყენებენ.
-რას გეგმავს კომპანია მომავალ წელს? რას გვეტყვით კომპანიის სამომავლო პროექტებისა და გეგმების შესახებ?
-კომპანიას აქვს ხუთწლიანი განვითარების გეგმა. დღეს ჩვენ მოვიპოვებთ 350 000 ტონა ნახშირს, წელს მოპოვება უნდა გავაორმაგოთ. რომელ წელს რა უნდა გავაკეთოთ, ეს ეტაპობრივად გვაქვს დაყოფილი. მაგალითად, გასულ წელს გავიყვანეთ დაახლოებით 800 მეტრი საველე, რომელიც იძლევა სამი ახალი უბნის შექმნის საშუალებას. მომავალ წელს ვგეგმავთ ამის დასრულებას. ჩვენი მიზანია, 2021 წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს 8 უბნი და სარეზერვო უბანი. ამ ყველაფერს თავისთავად დასაქმებულთა გაზრდაც მოყვება.
-ახალი წელია… რას უსურვებთ მეშახტეებს, ქალაქს და სრულიად საქართველოს?
-ტყიბულს, ტყიბულელებს, ჩვენს მეშახტეებს მინდა მშვიდობა ვუსურვო, წინსვლა და ეკონომიური სიძლიერე. უფალი ფარავდეთ!
თეონა ჯანელიძე
გაზეთი „მეშახტის მაცნე“