ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 19 მარტს გელათის მონასტერი – ცუცხვათის მღვიმოვანი – ახალსოფლის წყალსაცავის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის მოწყობის პროექტის გარემოსა და სოციალური გავლენის წინასწარი შეფასების ანგარიშის საჯარო მოსმენა გაიმართა.
გელათის მონასტერი – ცუცხვათის მღვიმოვანი – ახალსოფლის წყალსაცავის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის მოწყობის ქვეპროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კოორდინირებით, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის“ ფარგლებში განახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია 21 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით. საფეხმავლო ბილიკი საშუალებას მისცემს ტურისტებს კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ ოკრიბის ისტორიული, კულტურული თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები და ისარგებლონ ადგილობრივი მოსახლეობის სტუმარმასპინძლობით, რაც შესაძლებელია საკმაოდ მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლების მომტანი აღმოჩნდეს ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის.
შეხვედრაზე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“ და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. ასევე, გაიმართა მსჯელობა შესაძლო სოციალური გავლენის შესახებ, რასაც პროექტის განხორციელება მოუტანს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.