„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რომლის საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.

ამჯერად „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“აქვეყნებს ინფორმაციას სამტრედიის, ვანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ,რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები.

ორგანიზაციის კვლევის შედეგად მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას“ოკრიბანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ –
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას სამტრედიის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 90-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 7 ფაქტი, ვანის მუნიციპალიტეტში – 1, ხოლო ტყიბულში – 3 ფაქტი გამოვლინდა; ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2, ხოლო ტყიბულში 1 შემთხვევა აღმოვაჩინეთ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები. სამტრედიაში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 3, ხოლო ტყიბულში – 4 თანამდებობის პირს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ კობა ძიძიგურმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების “ზანდოს” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი პარტნიორი. სპს “ზანდოს” საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა სოფელ გამოჩინებულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობისთვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა, თუმცა“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ითვლება მეწარმე სუბიექტად, ამიტომ კობა ძიძიგური სპს “ზანდოში” თანამდებობის დაკავებით არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

სამტრედიის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ტარიელ დვალიშვილმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნანა თევზაძე არის სამტრედიაში ბინის და სოფელ გორმაღალში მიწის 2 ნაკვეთის მესაკუთე.

სამტრედიის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავჯდომარის ლიზა კრავეიშვილის მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ იგი არის შპს “ფეიქრის” 23 % წილის მესაკუთრე, ასევე მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

სამტრედიის საკრებულოს განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავჯდომარემ ბადრი შენგელიამ 2017 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შპს “ღანირი-2”-ის 30% წილის მესაკუთრეა, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის აღნიშნული კომპანიის დირექტორიც გახლავთ, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ბადრი შენგელიამ დაარღვია ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, სამართავად გადაეცა მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სხვა პირისთვის.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი 20%-იანი წილის მესაკუთრეა შპს “ელიტა 5+”-ში , ასევე მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

სამტრედიის მერიის ეკონომიკის განვითარების,ეკონომიკური სტატისტიკის,ქონების მართვის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ნოე ივანიაძეს 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე ნონა ფესვიანიძე არისშპს “ახალი აფთიაქის” 25%-იანი წილის მესაკუთრე.

სამტრედიის მერიის ინფრასტრუქტურის ,სივრცითი მოწყობის,არქიტექტურის, მშენებლობის,ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ზურაბ გოგიას 2017 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი მეუღლე – ნანა მიქელაძე არის სამტრედიაში,კრავეიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.

ვანის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ 2017 წელს შევსებული დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ინდირა გოგოძე ვანში მდებარე საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნინო ცირეკიძე 7%-იანი წილის მესაკუთრეა შპს “სამთო საინვესტიციო კორპორაციაში”. ასევე დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ ნინო ცირეკიძე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სოფელ საწირეში.

ტყიბულის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ოლეგ ქარქაშაძე ზემოაღნიშნულ პოზიციას მერიაში 2014 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებს (მანამდე თავად იყო ინდივიდუალური მეწარმე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებთან 19 ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მუნიციპალიტეტში დასაქმების შემდეგ კი მეუღლე ინგა ცირეკიძე დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და გააგრძელა მეუღლის ბიზნესსაქმიანობა). ცირეკიძეს 2015 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტთან 4 გამარტივებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან მან 850 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ავეჯის აქსესუარების, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების, ასევე მავთულებისა და კაბელებისმიწოდება.

ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კობა რობაქიძე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს 2014 წლის 17 სექტემბრიდან. მას აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე 6 გამარტივებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შემსყიდველ ორგანიზაციებთან, მათ შორის 3 ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ტყიბულის მუნიციპალიტეტთან. სამივე ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 768 ლარი შეადგინა და შესყიდვის საგანს წარმოადგენდა პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.

ტყიბულის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ თეიმურაზ ქელბაქიანმა 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის შპს “უკრაინა საქართველო ინვესტის” 20%-იანი წილის მესაკუთრეა. დეკლარაციაში აღნიშნული აქვს შპს “მთის ნობათთან” კავშირი, თუმცა არ აქვს მითითებული შპს-ში კუთვნილი წილის ოდენობა – საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ კომპანიაში ქელბაქიანს 24.5%-იანი წილი ეკუთვნის. თეიმურაზ ქელბაქიანს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

ტყიბულის საკრებულოს კულტურის,განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავჯდომარის იოსებ რობაქიძის მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ იგი არის შპს “კოქსის” მეწილე (16.4 %) და დირექტორი, რაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი. ასევე იოსებ რობაქიძეს შპს “კოქსში” კუთვნილი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა, რაც არ განუხორციელებია.

ტყიბულის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვახტანგ გვენეტაძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული აქვს, რომ იგი არის შპს “ცხრაჯვარი 2009”-ის 20%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს.

ტყიბულის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო ფანჩულიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მართალია, მიუთითა, რომ იგი არის შპს “სავაჭრო ცენტრის” 10%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას არ გადაუცია აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევას.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი“.ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.