პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც ადგილზე გაეცნობა ტყიბულის შახტაში მომხდარის შედეგად არსებულ ვითარებას. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

”ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება).

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.
ტყიბულში ასევე იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო-„ინტერპრესნიუსი“
www.interpressnews.ge