აზიური ფაროსანასგან სიმინდის დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში საყანე ფართობების დამუშავება დაიწყო.
პირველ ეტაპზე წამლობითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. „ანჯელის მასივში“ მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ივლისის შუა რიცხვებიდან კი სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავებაა დაგეგმილი.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით,სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ,აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. ლაშა შალამბერიძის თქმით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.