ნაბეღლავის ისტორია 1905 წელს იწყება, როდესაც გურიაში, კურორტ ნაბეღლავში მინერალური წყალი აღმოაჩინეს. წყალი ხარებს მოსწონებიათ და სწორედ ასე მიაგნო ადგილობრივმა მოსახლეობამ წყაროს.
1950-იან წლებში პირველი ჭაბურღილი გაიბურღა და უკვე 1958 წელს ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება დაიწყო.
ნაბეღლავის ისტორიაში ახალი ეტაპი 1997 წლიდან იწყება, როდესაც წარმოებას სათავეში „წყალი მარგებელი“ ჩაუდგა.
2017 წლის 24 ივნისს, სოფელ ნაბეღლავში სს „წყალი მარგებლის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა.
„აღნიშნული პროექტი განხორციელდა შვეიცარელ და ავსტრიელ ინსტიტუციონალურ პარტნიორებთან და EBRD-სთან ერთად. პროექტის საერთო ღირებულებაა 40 მილიონი ევროა.
ქარხანა თანამედროვე ინდუსტრიის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და რეგიონის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს. ქარხნის ტექნოლოგიური დაგეგმვა და აღჭურვა სრულად უზრუნველყო მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა „კრონესი“ და „ტეტრაპაკი“, _ აღნიშნავს „წყალი მარგბელის“ პიარ მენეჯერი ანუკი ბერიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქარხნის გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება განახლებადი ენერგია და წარმოადგენს Greenfield პროექტს, რაც გულისხმობს ეკოლოგიურ წარმოებას და ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებას.
„ქარხანა მდინარის ენერგიას იყენებს სითბოსა და გაგრილებისთვის, ხოლო ტექნოლოგიებში კომპრესორების თბური ენერგია გამოიყენება“, _ ამბობს ბერიშვილი.
„წყალი მარგებელმა“ საქართველოს ბაზარზე ნომერი პირველი მინერალური წლის „ნაბეღლავის“ გამოშვება 1997 წელს დაიწყო. 2002 წლიდან კი წყაროს წყალი „ბახმაროს“ ჩამოსხმაც დაიწყო.
მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა მინერალურ წყლებთან ერთად სხვა პროდუქტებსაც აწარმოებს, როგორიცაა, ავსტრიული კომპანია „რაუხის“ წვენები, ცივი ჩაი, ლიმონათი, ენერგეტიკული, ახალი მინერალური წყალი „ჯეო ნატურა, მოჰიტოები და სხვა უალკოჰოლო სასმელი.
ქარხნის განვითარების ყველა ეტაპი _ პირველი ბოთლიდან ბოლომდე, წარმოების ტექნიკა, ლაბორატორია და ა.შ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა ადგილზე ნახეს.
მედიის წარმომადგენლებს მედიატურის ფარგლებში საშუალება მიეცათ გაეგოთ როგორ კეთდება ევროპული ხარისხი გურიაში.
ქარხანაში სტუმრობისას ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ამ კომპანიაში წარმოებული წყალი აკმაყოფილებს პენტაგონის სტანდარტებს და საქართველოში წვრთნების დროს მყოფი ამერიკის ჯარი „წყალი მარგებლის“ წყლით მარაგდება.
„ნაბეღლავი ევროპის ბაზრისთვის მაღალი მინერალიზაციის წყალია, თუმცა სხვა ბაზარზე არსებული სხვა წყლისგან განსხვავებით ყოველდღიური მოხმარებისაა, გარდა ამისა მას სხვა სამკურნალო თვისებებიც აქვს. სოფელი ნაბეღლავი გამაჯანსაღებელი კურორტი იყო, სადაც მინერალური წყლის აბაზანებს იღებდნენ. ნაბეღლავი მიწიდან ჭაბურღილით 60-220 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება. ბახმაროს წყაროს წყალი კი ქარხანას 3 კილომეტრიანი მილსადენით 1000 მეტრის სიმაღლიდან მოეწოდება“, _ ამბობს ანუკი ბერიშვილი.
მინერალურ წყალ „ნაბეღლავს“ საქართველოში ბაზრის თითქმის 100%-ის დაფარვა აქვს, ხოლო ბახმარო ობიექტების დაახლოებით 85%-შია წარმოდგენილი.
მინერალური წყალი მსოფლიოს 29 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის დსთ-სა და არაბეთის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში.
ნატო გოგელია
„გურიანიუსი“