28-29 ივლისს ტყიბულში, კერძოდ „მშვიდობის პარკში“ თამარ ფანჩულიძის ორგანიზატორობით ფესტივალი ჩატარდა.
დაბანაკებაც სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფესტივალის ფარგლებში უამრავი გასართობი თუ საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.
Tamaras resort-ის ღონისძიების მიმდინარეობას ქალაქის მერი, თემური ჩუბინიძე დაესწრო და ფესტივალის მიზნებს გაეცნო, მან სტუმრებთან ერთად „მშვიდობის პარკის“ აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაზე ისაუბრა, სიმპათია და მოწონება გამოხატა მიმდინარე აქტივობის მიმართ.
„გაწეული შრომისა და დახმარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ტყიბულის რწმუნებულს, ბატონ კობა გიორგაძეს, რომელმაც გარდა თანადგომისა, ასევე დაასაჩუქრა კიდეც Tamaras resort-ი და ფესტივალის მოწყობაში მაქსიმალურად ჩართული იყო. მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის მადლიერებას გამოვხატავ ტყიბულის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის, ბატონი ალეკო ბიბილაშვილის მიმართ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დაუდგეს გვერდით და მისცეს კომპეტენტური რჩევები განვითარებისა და წინსვლისთვის. Tamaras resort-ი მადლობას უხდის ტყიბულის ტურიზმის განვითარრების ცენტრს, კერძოდ ბატონ რიჩარდ ბოჭორიშვილსა და ბატონ ვახო აბჟანდაძეს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ Tamaras resort-თან, მხარს უჭერდნენ და მონაწილეობას იღებდნენ მის ყველა ინიციატივაში“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, თამარ ფანჩულიძემ.
ფესტივალი მიზნად ისახავდა სტუმრებისათვის ტყიბულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობასა და პოპულარიზაციას. აღნიშნული მიზნით უახლოეს პერიოდში ორგანიზატორების მიერ იგეგმება კიდევ უფრო მეტი აქტივობა და აქტიური თანამშრომლობა ამ თემით დაინტერესებულ პირებთან.