ანასტატუს – ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად განვიხილოთ.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ. მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გასული წლიდან მიმდინარე დაკვირვებების შედეგები აძლევს.
კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.
როგორ მოქმედებს პარაზიტი აზიურ ფაროსანაზე?
როგორც წესი, მავნებელი 28 კვერცხს დებს, ანასტატუსის სახეობის მწერს კი შეუძლია კვერცხების ნახევარზე მეტი დააპარაზიტოს, შესაბამისად, აზიური ფაროსანას მატლის ნაცვლად აღნიშნული პარაზიტის მწერის ნიმფა გამოიჩეკება.
თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ – ამბობს ზურაბ ხიდაშელი მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზე.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.