“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC-მ) გააკრიტიკა მთავრობის ახალი ინიციატივა მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტის შესახებ.
12 სექტემბრის განცხადებაში ორგანიზაციამ “სრულიად გაუგებარი” უწოდა “ქართული ოცნების” მიერ მარიხუანის ექსპორტის იდეას, — “ისეთი საკითხი, რომელიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას/საჭიროებას არ უკავშირდება”. მეტიც, — ეს არც ყოფილა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე რომელიმე ჯგუფის არსებითი მოთხოვნაო.
მთავრობის ინიციატივა, დაუშვას სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანა, წინა დღით გახდა ცნობილი.
EMC-ის შეფასებით, ამ ინიციატივის მზის შუქზე გამოტანით, “ოცნება” ცდილობს, რეალური გამოწვევები გადაფაროს და დაავიწროვოს ნარკოპოლიტიკის საკითხი. მათი აზრითვე, მართალია, ახლა საჭიროა მარიხუანას შეძენა/შენახვის ნაწილში შესაფერისი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება, თუმცა “კანაფის ექსპორტის საკითხი არარელევანტურია”.
“მონიტორინგის ცენტრმა” გამოყო სამი “უსამართლო მოცემულობა”, რომლებზეც, მათი შეფასებით, მმართველ გუნდს ცალსახად ვერ ჩამოუყალიბებია ერთიანი პოზიცია:
- ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზება;
- უკიდურესაც მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელები;
ნარკოტიკულ დანაშაულში (მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარებისთვის) მსჯავრდებული პირებისთვის ცალკეული უფლებების ავტომატური და ბლანკეტური ჩამორთმევა და სხვა. - იმ დროს, როდესაც არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვის სფეროს მძიმე გამოწვევად აწევს, და როცა ნარკოპოლიტის არცერთ კრიტიკულ საკითხზე უმრავლესობას მწყობრი პოზიცია არ გაუცხადებია, მათ მიერ კანაფის ექსპორტის ინიცირება ზედაპირული და დასაბუთებას მოკლებულიაო, — ასეთია განცხადების რიტორიკა.
“ამ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, საზოგადოებაში ამ ინიციატივის გაზომვა და შეფასება მხოლოდ პოტენციური ეკონომიკური სარგებლის ან ზოგადად კანაფის სარგებლიანობის არგუმენტებით უსამართლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემას ეხება”, ვკითხულობ განცხადებაში.
კიდევ ერთი აქცენტი, რასაც EMC სვამს, შემდეგია:
სანამ ხელისუფლება “რეპრესიაზე დამყარებულ” მთლიან ნარკოპოლიტიკას მარიხუანის საკითხამდე ავიწროვებს, კვლავ უხივალები რჩებიან ის ადამიანები, ვისაც ყველაზე სწრაფად სჭირდებათ ნარკოპოლიტიკაზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანები, ვისაც სჭირდებათ “სამართლიანი და ზრუნვაზე დაფუძნებული სისტემა მწვავე ჯანდაცვით პრობლემასთან გამკლავების მიზნით”.
EMC-სთან ერთად, კიდევ ორი ორგანიზაცია — “ალეტრნატივა ჯორჯია” და “ღია საზოგადოების ფონდი” მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას, განმარტონ, რა ხედვები აქვთ, ზოგადად, ნარკოპოლიტიკაზე, და არამხოლოდ მარიხუანაზე. მთავრობას და შსს-ს კი კანონპროექტის გასაჯაროვებას სთხოვენ.