ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე
რიგ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული, სასოფლო-სამეურნეო კულტურა მავნებლის ზიანს ვერ გრძნობს.
ამის ერთ ერთი მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებული მავნებლის ბუნებრივი მტერია.
ბუნებრივი მტრის საკითხი ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ გააქტიურდა რაც ფერმერთა ნაწილს აზიური ფაროსანასგან გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ბრძოლის ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების გარდა, სპეციალისტებმა მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მის ბუნებრივ მტერზე დაიწყეს ფიქრი.
ერთ-ერთ ვარიანტად საქართველოში მავნებლის ბუნებრივი მტრის შემოყვანა განიხილებოდა. დასახელდა ვარიანტიც – სამურაი კრაზანა. ვარაუდი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამაც გაამყარა. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.
მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. მეცნიერები, ბუნებრივი მტრის შემოყვანის საკითხის პარალელურად, საქართველოში უკვე არსებული მწერერებსაც აკვირდებოდნენ, ბუნებრივ მტრად ერთ-ერთი მწერი დასახელდა.
ანასტატუს – აზიური ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი საქართველოში
ანასტატუს – ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად განვიხილოთ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ. მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გასული წლიდან მიმდინარე დაკვირვებების შედეგები აძლევს.
კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.
როგორ მოქმედებს პარაზიტი აზიურ ფაროსანაზე?
როგორც წესი, მავნებელი 28 კვერცხს დებს, ანასტატუსის სახეობის მწერს კი შეუძლია კვერცხების ნახევარზე მეტი დააპარაზიტოს, შესაბამისად, აზიური ფაროსანას მატლის ნაცვლად, მისი მტრის ანასტატუსის ნიმფა გამოიჩეკება.
,,თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ”, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდაშელი. მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.
სტატია მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.