საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინსტრომ დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო. 26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ყველა სოფელში, სოფლის კრებები ჩატარდება.
კრებაზე მოსახლეობა ერთობლივად განიხილავს ადგილობრივ პრობლემებს და განხილვის შემდეგ, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები თუ რა პრობლემის მოგვარებას უნდა მოხმარდეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტს სულ 433 685 ლარი აქვს გამოყოფილი, რომელიც თემების მიხედვით არის გადანაწილებული. აქედან 69 ათასი ლარი საწირის თემისთვის არის განკუთვნილი, ხოლო უშუალოდ სოფელ საწირეზე 16 617 ლარია გამოყოფილი, სადაც დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლის კრება გაიმართა.
საწირეში გამართულ კრებას თემის რწმუნებულთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ კუბლაშვილი და კოალიცია- “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან ქარქაშაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა სოფლის აქტივს შორის ცხარე კამათის ფონზე წარიმართა და რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის იყო წისქვილის, განათების, გზისა და წყლის პრობლემის მოგვარება და ასევე სოფლის სასაფლაოს გაფართოება და სასაფლაომდე მისასვლელი გზის შეკეთება.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე წელია ხორციელდება.
ელისო ჭანტურიძე