21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე პირველი წლიური ანგარიშით წარსდგა. პარლამენტში პრეზიდენტის დაახლოებით 45 წუთიანი გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო და მან უკრაინაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა.
პრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყისში ხაზი იმასაც გაუსვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი ანგარიშის წარდგენა პირველი კონსტიტუციის მიღების და “ქართული ოცნების” დაფუძნების თარიღს დაემთხვა. მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის უფლება მოვალეობებზე, რომელიც ახალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებზეც ისაუბრა და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თარიღი გამოაცხადა, რომელიც 15 ივნისს არის დაგეგმილი.
პარლამენტში სხდომას დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა დებატების ფორმატში გაგრძელდა, სადაც ტრიბუნასთან საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც პრეზიდენტის წლიური ანგარიში არაერთგვაროვნად შეაფასეს.
საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატების წინაშე კვლავ გიორგი მარგველაშვილი წარსდგა, რომელმაც დეპუტატებს საინტერესო 5 საათისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ელისო ჭანტურიძე