თბილისში”Artarea Gallery”ში ლუიზა ლაფერაძის სოლო გამოფენა “სხეულის შინა არსი’’ / “Content of the Body” გაიმართა,რომელიც ბოლო რამდენიმე წლის ნამუშევრებს მოიცავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ობიექტები ფოკუსში აქცევს სხეულის, ნივთის და მასთან დაკავშირებული იდენტობების თემებს.როგორ იძენს ფერი, ფორმა, სამოსი, სხეული ადამიანისთვის მნიშვნელობას? გულწრფელი, ღია მონოლოგი პერსონალური გამოცდილებების შესახებ დამთვალიერებელს იწვევს, მონოლოგის დიალოგად გარდასაქმნელად.

ნამუშევრები ხელოვნის ცხოვრებისეული, სოციალური, პოლიტიკური გამოწვევბის გარშემოა შექმნილი. კულტურული შრეები, ფილტრები, ტაბუები და ჩვევები, რომლებიც დაბადებიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება, ან დროთა განმავლობაში გვიყალიბდება, რაღაც მომენტში საყოველთაო ისტორიის, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილიც არის და პირადიც.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ხელოვნის ცხოვრებიდან ამბები, სიტუაციები ტრანსფორმირებულია სხვადასხვა მედიაში. თაბაშირის, ხის ობიექტები, ქსოვილი, მიწა, კედლის მხატვრობა და ვიდეო სხვადასხვა კუთხიდან გვაჩვენებს მზერას მიმართულს შიგნით, საკუთარი გამოცდილებებისკენ. კულტურული ნორმები, საზოგადოების, კულტურის შემოთავაზებული წესები, გამოტანილია ღიად, როგორც მათი დაშლის, გააზრების პროცესი. ამან შეიძლება ახალი წესრიგი დაბადოს.

„ექსპონატი N1 – Красная Москва” დამთვალიერებლის თანამონაწილეობით ხორციელდება. ვიზიტორების ჩართულობა ნამუშევრის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ლუიზა ლაფერაძის ნამუშევრების გამოფენა ”Artarea Gallery”ში 22 ნოემბერს გაიხსნა და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ნამუშევრების სანახავად საგამოფენო დარბაზს ყოველდღიურად ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.

პროექტის მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”, კურატორი მარიამ ლორია