ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მცხოვრები 27 წლის ფატო იმედაშვილის დილა ადრიანად იწყება, საქმე ბევრია…

5 შვილი ჰყავს, ერთი სკოლაში უნდა გააცილოს, ორი – ბაღში. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი შვიდი თვის ჰამზაა. შვილების გაზრდაში დედამთილი ეხმარება.

როდესაც მეხუთე შვილი შეეძინა, “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა”, ევროკავშირის დაფინანსებით, სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. ფატოს თქმით, რომ არა ამ ორგანიზაციის დახმარება, თავისი პატარასთვის ხარისხიანი ნივთების შეძენას ვერ შეძლებდა.

– „ამ პროექტის შესახებ არაფერი ვიცოდი, ზაფხულში გავიგე, ბავშვი რომ შემეძინა მაშინ. დამირეკეს, რომ ჩემთვის სასაჩუქრე ნაკრები ჰქონდათ გადმოსაცემი, მოუთმენლად ველოდი, როდის მოვიდოდნენ ჩემამდე. თავადაც გავვოცდი, იმდენი რამ მომიტანეს. ყველაფერი გამოვიყენე. მე და ჩემი შვილები ერთად ვათვალიერებდით ამ საჩუქრებს. ჩვენს დროში ძალიან რთულია ბავშვს ის ხარისხიანი ნივთები უყიდო, რაც მომიტანეს. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს”. ასევე დავესწარი ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ტრენინგს, სადაც პედიატრებმა ბევრი რამ გვასწავლეს ბავშვთა აღზრდის შესახებ. ოთხი შვილი გავზარდე და მეგონა ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ამ ტრენინგის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ იყო, არაერთი სიახლე გავიგე. მაგალითად, მანამდე ვიცოდი, რომ დამწვრობის დროს პირველად მალამო უნდა გამომეყენებინა, ახლა კი ამიხსნეს, რომ პირველ რიგში ცივი წყალია საჭირო,“- ამბობს ფატო.


(ფოტოზე: ფატო იმედაშვილი)

20 წლის მარხა ქავთარაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში ცხოვრობს. მას ხუთი თვის შვილი ჰყავს. სანამ პატარა შეეძინებოდა, ჭრა-კერვა “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” მიერ დაარსებულ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში დედასთან და დეიდასთან ერთად ისწავლა, აქვე გაიარა ექთნის კურსებიც. ახლა თავის პატარას საჭირო ნივთებს თავადვე უკერავს. მარხას რჩევით, დუისის ცენტრში პროფესიული განათლება მისმა მეზობლებმაც მიიღეს.

მარხას სახლში შესულები ყვავილების მრავალფეროვნებამ გაგვაოცა. პატარა ორანჟერეა მისმა დედამთილმა მოაწყო, მოვლაში მონაწილეობას თავად მარხაც იღებს.

-„კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” შესახებ ხეობაში თითქმის ყველამ იცის, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ. თავიდან მათ ცენტრში დავდიოდი, სანამ პატარა მეყოლებოდა, აქ ვისწავლე ჭრა-კერვა, მერე ექთნის კურსიც გავიარე. პატარა რომ შემეძინა, მოვიდნენ და საჩუქრები მომიტანეს. ყველაზე ძალიან გამახარა კალათამ, რომელსაც ხშირად ვიყენებ, შემიძლია პატარა ჩავაწვინო გარეთ გაყვანისასაც და სახლშიც. აქამდე საშუალება არ მომეცა საწოლი მეყიდა და ამიტომ ამ ჩანთაში ვაძინებ. ამდენი კომფორტული ნივთების შეძენა ჩვენ არ შეგვეძლო. ასევე დავესწარი ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგს. პედიატრისგან ბევრი რჩევა მივიღე, ზოგიერთ რამეს ვინიშნავდი კიდეც. ვისწავლე, როგორ უნდა გავიგო, როდის სტკივა ყურები პატარას, რის გამო შეიძლება წუხდეს. ვფიქრობ, როცა ბავშვს გავზრდი, თუ შესაძლებლობა მომეცემა, დუისის საგანმანათლებლო ცენტრში მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ და მუშაობას დავიწყებ, “ – ამბობს მარხა.

„ჯანდაცვისა და განათლების განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება სოციალურად დაუცველი დედებისა და ბავშვებისათვის“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფატოსა და მარხას პატარებს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ. პროექტი “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა” ევროკაშირის დაფინანსებით განახორციელა. 2018 წელს ახმეტის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტში ეს დახმარება სულ 60-მა ბენეფიციარმა მიიღო.

-„აღნიშნულ პროექტს ევროკავშირი 2016 წლიდან აფინანსებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან “ინოვაციების და რეფორმების ცენტრი” და “ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი”. ამ პროექტის ძირითადი მიზანი ქალებისა და ბავშვების დახმარებაა. სამოცი სასაჩუქრე პაკეტი გავეცით, ორიღა დაგვრჩა თელავში გადასაცემი. ამ წელში მარაგი ამით ამოიწურა, მომავალ წელს ეს პროექტი კვლავ გრძელდება და ისევ გაიცემა 60 სასაჩუქრე პაკეტი. ამ დახმარების მიღების პირველი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველი უნდა იყოს, ზოგს შეიძლება მოხსნილი ჰქონდეს სტატუსი, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც ისარგებლოს ამ შეღავათით, “- აღნიშნა “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” დირექტორმა თამარ ბექაურმა.


(ფოტოზე:თამარ ბექაური)

მისივე თქმით, სასაჩუქრე პაკეტების გარდა, ევროკავშირმა დააფინანსა ტრენინგები, სადაც დედებმა პატარების სწორად მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

-„ტრენინგები ჩატარდა, როგორც დედებისთვის, ასევე მომავალი დედებისთვისაც. პარტნიორმა ორგანიზაციამ შეარჩია კარგი პედიატრები და სწორედ მათ ჩაატარეს აღნიშნული შეხვედრები. ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ უნდა კვებოს ბავშვი, რა ასაკში უნდა მიიყვანოს აცრაზე და ა.შ. იგებენ იმ ინფორმაციას თუ რა სჭირდება 0-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვს. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პედიატრებთან კონსულტაციისთვის ბავშვებიც მოეყვანათ. ტრენინგები მიმდინარე წელს 150 ქალმა გაიარა. მსგავსი აქტივობა 2019 წელსაც გაგრძელდება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა ასევე სამი საგრანტო პროექტი, გურჯაანში – „ბავშვთა ნევროლოგიური მომსახურების ეფექტური სამედიცინო სერვისების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“, თელავში – „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ და მესამე ახმეტაში „ექიმები და უფლებადამცველები ქალთა და გოგონათა სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის”. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩამოყალიბდა ორი სასწავლო ცენტრი სოფელ დუისში და ჯოყოლოში. აქ სწავლა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ, გვაქვს როგორც პროფესიული ისე საგანმანათლებლო პროგრამები. სასწავლო ცენტრში უფასოდ მზადდებიან აბიტურიენტები. წელს ჩვენმა 31-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და ორმა ასპროცენტიანი გრანტი მიიღო. ძალიან ამაყები ვართ, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ჩვენ გადავამზადეთ,“- აღნიშნა თამარ ბექაურმა.

“კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი” რეგიონში მცხოვრებ ყველა ქალს საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაციასაც სთავაზობს. ორგანიზაცია მზად არის დაინტერესებულ პირებს დახმარება გაუწიოს. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599 96 71 79, ან მისწეროთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
Kakheti-Regional-Development-Foundation-KRDF
ავტორი: თამარ კაპანაძე

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

(მთავარ ფოტოზე: მარხა ქავთარაშვილი)