საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა წმიდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპირკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმიდესი და უნეტარესი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).
წმიდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
1. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო.
მისმა უწმიდესობამ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ, მართალია, კრიზისი ამ ეტაპზე გაღრმავებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ღვთის შეწევნით, პრობლემები გადაილახება და ეკლესიებს შორის ძმური ერთობა აღდგება, რომ ადრეც მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი განსაცდელი ყოფილა და იგი უფლის მოწყალებით დაძლეულა.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დამსწრეთ გააცნო ორივე ეკლესიის მეთაურის მიმართვები. საკითხთან დაკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს მღვდელმთავრებმა.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თავის სამწყსოს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა.
2. კრებამ მოისმინა რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) მოხსენება XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქუთათელი მიტროპოლიტის, ანტონის (გიორგაძე), წმიდანად კანონიზების შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
მოწოდებული დოკუმენტაცია შეისწავლოს შესაბამისმა კომისიამ და დასკვნები წარდგენილ იქნას განსახილველად სინოდის შემდგომ სხდომაზე.
3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმ. სინოდის წევრებს მიმართა, რომ საჭიროა, შეიქმნას საქართველოს ეკლესიის სამონასტრო დებულება.
ამ თემაზევე ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
წმიდა სინოდმა განაჩინა:
შეიქმნას კომისია საქართველოს ეკლესიის სამონასტრო დებულების შესამუშავებლად.
4. კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) მოხსენება ეკლესიის სამოციქულო-სამისიონერო მსახურების შესახებ საქართველოში.
მომხსენებელი ასევე შეეხო 12 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც. კერძოდ, ითქვა, რომ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით წარმოიგზავნა საქართველოში წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული, რომელმაც თან ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდისა მარიამისა, როგორც ნიშანი ღვთისმშობლის მობრძანებისა მის წილხვედრ ქვეყანაში და აუცილებელია ამ ფაქტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
12 მაისი დადგინდეს ყოვლადწმიდდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.
მიტროპოლიტმა დანიელმა ასევე ისაუბრა 2019 წელს წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის შესახებ და გამოთქვა სურვილი, რომ წმ. ნინოს ნაკვალევზე მოგზაურობაში (გზა ფარავნიდან მცხეთამდე) მომავალ წელს მონაწილეობა მიიღონ სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებმა ყველა ეპარქიიდან (ეს იქნება 30-ე მსვლელობა ამ გზაზე).
5. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) წამოაყენა საკითხი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ამაჟამად ნომინალურად შემავალი უძველესი ეპარქიის – კარის შესახებ და ითხოვა მისდამი რწმუნებული ეპარქიის სახელწოდების შეცვლა.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ტიტულატურა განისაზღვროს შემდეგნაირად: მიტროპოლიტი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის.
ნათქვამია საპტრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.