„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისის დატოვების შემდეგ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება, რათა თავიდან აიცილონ განმეორებითი ძალადობა.

სხვა შემთხვევაში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, მსხვერპლი დროებით აღწევს თავს ძალადობრივ გარემოს, იწყებს რეაბილიტაციას და ვადების სიმცირის გამო ისევ ბრუნდება უკან, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში , რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში სახელმწიფო სერვისების მონიტორინგისისას გამოვლენილ პრობლემებს ასახავს.

თუ რამდენი ქალი ბრუნდება მოძალადესთან და რამდენი მათგანი ხდება განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო ამ მიმართულებით სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა, ამავე კვლევაში მონაწილე ის ძალადობაგამოვლილი ქალები, რომლებმაც სახელმწიფო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლეს, აღნიშნავენ, რომ – „რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება უწევთ, რადგან, თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის გამო მათ არჩევანი უბრალოდ აღარ აქვთ. ანალოგიური ვითარებაა, როდესაც სწორედ აღნიშნული მიზეზით, ისინი უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს და მოძალადესთან სახლში რჩებიან“.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ნათია წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოძალადის გვერდით. სახლიდან რამდენჯერმე წამოვიდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა მოძალადესთან. ნათია 33 წლის ქალია, რომელსაც მეუღლესთან 13-წლიანი თანაცხოვრებისას სამი შვილი შეეძინა. როგორც თვითონ ყვება, ყოფილი მეუღლისგან სხვადასხვა ფორმით განიცდიდა ძალადობას. 9 თვის წინ მოძალადისგან წამოსვლა ბოლოჯერ სცადა და „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში“ ჩაერთო, რომელსაც „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამაში ჩართვამ ნათიას შესაძლებლობა მისცა, ესარგებლა დროებითი თავშესაფრით, მას და მის შვილებს მიეღოთ ფსიქოლოგის მომსახურება და ამავდროულად, განევითარებინა თავისი უნარები, რაც შემდგომში მას დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებოდა.

„თავშესაფარში მოსვლის შემდეგ მკითხეს, რა მაინტერესებდა, რა მიყვარდა და რისი კეთება მინდოდა მომავალში. მე ვუპასუხე, რომ ჩემი ოცნება იყო, კულინარი გავმხდარიყავი. პროგრამის დახმარებით, დამიფინანსეს კულინარიის სამთვიანი კურსი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში წარმატებით გავიარე. ყველაფერი მალევე ავითვისე. კურსის დასრულების შემდეგ გავიარე სტაჟირებაც, რის შემდეგაც ჩემთვის პირველი სამსახურის პოვნაში დამეხმარნენ და მუშაობა დავიწყე. დავრეგისტრირდი ინდ. მეწარმედ და დღეს უკვე ჩემი საქმე მაქვს. შვილებთან ერთად გადავედი ცალკე ბინაში საცხოვრებლად და ჩემს სამუშაოსაც სახლში ვასრულებ. ვამზადებ საჭმელს და ხელშეკრულებით ვამარაგებ დაწესებულებას. ჯერ კიდევ ვიღებ დახმარებას სოციალური ინტეგრაციის პროგრამიდან. მიხდიან საცხოვრებლის ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე ამ დახმარების გარეშეც, დამოუკიდებლადაც შევძლებ ცხოვრებას“.

ეს ნათიას ისტორიაა, თუ როგორ დააღწია თავი მოძალადეს და როგორ შეძლო „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ პროექტის საშუალებით გაძლიერება. თუმცა, ნათია ერთადერთი არ არის, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ემზადება.

ქვემო ქართლში მდებარე ოჯახური ტიპის თავშესაფარში ამ დრომდე 10-მდე ძალადობაგამოვლილი ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატო გაგნიძე ამბობს, თავშესაფარში განსაზღვრულია ყველა ის როლი, რომელიც მნიშვნელოვანია იქ მაცხოვრებელთა შესაბამისი სერვისებით უზრუნველსაყოფად – „იმისათვის, რომ ვთქვათ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვეხმარებით, საჭიროა მათი გაძლიერება. პროექტი კი ამისათვის ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას, მათ აღჭურვას იმ საჭირო უნარებით და ცოდნით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავი დააღწიონ ძალადობრივ გარემოს, ღირსეულად განაგრძონ ცხოვრება და უზრუნველჰყონ, როგორც თავისი, ასევე მათზე დამოკიდებული პირების – შვილების მომავალი“.

ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტულად რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, პროექტის მულტიფუნქციური ჯგუფი ცდილობს, შეისწავლოს ქალების ისტორიები და ინტერესები, გამოკვეთოს მათი უნარები და პრაქტიკულად განხორციელების საშუალება მისცეს. მეორე ეტაპი ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებაზე, რეალიზებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს; რის შემდეგაც მესამე ეტაპისთვის იწყება მათი მომზადება, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობას გულისხმობს.

კიდევ ერთი გოგონა, რომელიც „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაშია“ ჩართული – 18 წლის აზერბაიჯანელი გოგონა ჩინარაა, რომელსაც 18 წელი თავშესაფარში შეუსრულდა.


ფოტოზე: ჩინარა კოჯაევა

ჩინარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მამის მხრიდან გახდა, რომელიც ქორწინებას აიძულებდა. როგორც თვითონ ყვება, გათხოვება არ უნდოდა და დახმარებას სთხოვდა ყველას, ვისთანაც ხმა მიუწვდებოდა – „როცა ნიშნობა გაიმართა, 15 წლის ვიყავი. მასწავლებელს მოვუყევი, რომ გათხოვება არ მინდოდა. მინდოდა მესწავლა და მერე გავთხოვილიყავი ისეთ ადამიანზე, რომელიც შემიყვარდებოდა. როდესაც ამის შესახებ პოლიციამ გაიგო, მამაჩემს ხელწერილი დააწერინეს, რომ არ გამათხოვებდა. 17 წლის რომ ვიყავი, ქორწილის თარიღი დანიშნეს და ჩვენს რაიონში მომუშავე ჟურნალისტს ვთხოვე, დახმარება. რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს და მითხრეს, არ შემშინებოდა. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სახლიდან მათი დახმარებით წამოვედი“.

პროექტის მენეჯერი, ნატო გაგნიძე აღნიშნავს, რომ თავშესაფრის გუნდის დიდი ძალისხმევით და ჩინარასთან აქტიური მუშაობით მოხერხდა მისი დაყოლიება, რომ თავშესაფარში დარჩენილიყო: – „ის ძალიან ნერვიულობდა მშობლებზე. უკან დაბრუნების შიშის მიუხედავად, უნდოდა მათი ნახვა და სახლში დაბრუნება. დღეს, ჩინარა იმყოფება თავშესაფარში, გადის სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის პირველ ეტაპს – მასთან მუშაობით მოხდა მისი ინტერესთა სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისად, სწავლობს ქართულს, გადის ვიზაჟის კურსებს და დადის ბოქსზე“.

„თავშესაფარში რომ მოვედი, ქართულად ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. დღეს უკვე, კარგად შემიძლია ლაპარაკიც, წერაც, კითხვაც. ინგლისურზეც დავდივარ. სკოლაში მხოლოდ 9 კლასი დავასრულე, მაგრამ სწავლის გაგრძელება ძალიან მინდა. ჩემი ოცნებაა, პოლიციელი ან უფლებადამცველი გავხდე. მინდა ჩემნაირ გოგონებს ვეხმარებოდე. თავშესაფარში ყველაფერში მხარს მიჭერენ. ვემზადები სწავლის გასაგრძელებლად და დავდივარ ბოქსზე, სიგელიც მოვიპოვე. ძალიან მომწონს მაკიაჟის გაკეთება და ვიზაჟის კურსებიც გავიარე. ახლა კი, როცა მზად ვიქნები, თავშესაფარში დამეხმარებიან, კოლეჯში გავაგრძელო სწავლა. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რა მოხდებოდა, ამ ადგილას რომ არ მოვხვედრილიყავი. მე ძალიან გამიმართლა“, – ამბობს ჩინარა.
იანა 43 წლის ძალადობაგამოვლილი ქალია, რომელიც თავშესაფარში ძალადობის მძიმე ისტორიით აღმოჩნდა. ყოფილი მეუღლე მასზე 11 წლის მანძილზე სხვადასხვა ფორმით ძალადობდა. თავშესაფარში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს; მათთან ამ ეტაპზე თავშესაფრის მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობს.


ფოტოზე: იანა წკარაშვილი

მიზეზი, თუ რატომ რჩებოდა მოძალადესთან იანა, სწორედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია – „წასასვლელი არსად მქონდა. პოლიცია რამდენჯერმე გამოვიძახე თავი რომ დამეცვა, მაგრამ პოლიცია რომ მოვიდოდა ხოლმე, ვფიქრობდი და ვხვდებოდი, რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ან რომ წავიდოდი, რა უნდა მეკეთებინა, ამიტომ ისევ იქ ვრჩებოდი“, – ყვება იანა.

სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში 6 თვის წინ ჩაერთო და ახლა პროგრამის პირველ ეტაპზე იმყოფება. იანა მუსიკოსია. ინსტრუმენტზე 2 წლიდან უკრავს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საუბარი არ შეეძლო. განათლება კონსერვატორიაში მიიღო და ოჯახის შექმნამდე სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი მეუღლე დაკვრას უკრძალავდა, დაქორწინების შემდეგ ორკესტრიდან წამოვიდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია: – „ვერ იტანდა, როცა ვუკრავდი. ერთხელაც, ჩემი ვიოლინო აიღო, მოისროლა და გამიტეხა. იმდენად იყო დაზიანებული, დაკვრა აღარ შეიძლებოდა. თავშესაფარში მოსვლის შემდეგ რომ იკითხეს, რითი შეეძლოთ ჩემი დახმარება, პირველი რაც ვითხოვე, ვიოლინოს შეკეთება იყო და პროექტის ფარგლებში ეს თხოვნა შემისრულეს. მუსიკა მთელი ჩემი ცხოვრებაა. არ ვიცი, სხვა რა უნდა ვაკეთო, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში“, – ამბობს იანა.

სწორედ მისი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტის გუნდმა მისი პროფესიული უნარების აღდგენა-გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა, რაშიც პედაგოგი ჩაერთო. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბარ-რესტორნების მფლობელებთან, მათთან შეთანხმების შემდეგ იანას იმედი აქვს, რომ სცენაზე კიდევ დაუკრავს. სამომავლოდ კი, თავად გეგმავს მუსიკა შეასწავლოს სხვებს, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში არიან ჩართულები, ცდილობენ გაძლიერებას, პროექტის დახმარებით სწავლობენ, ინვითარებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ემზადებიან. ისინი თვლიან, რომ მოძალადესთან აღარ დაბრუნდებიან, რადგან ქალები მოძალადესთან არ უნდა ბრუნდებოდნენ.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

მთავარ ფოტოზე : ნათია გიგილაშვილი

ავტორი: თამარ კურატიშვილი