იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია,

რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტებია.

აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან. – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.