აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, რუსები ბომბავდნენ და აწიოკებდნენ დამოუკიდებელი ქვეყნის სოფლებს და ქალაქებს, ძარცვავდნენ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას.
რუსეთ-საქართველოს ომს მრავალი ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
აგვისტოს ომში ორი ტყიბულელი სამხედრო მებრძოლი გმირულად დაიღუპა – 24 წლის ნიკოლოზ(ნუკრი) ფორჩხიძე და 19 წლის ფრიდონ ბრეგაძე.
ნიკოლოზ(ნუკრი) ფორჩხიძე 17 მებრძოლიდან ერთ-ერთია, რომელიც შინდისში მტერთან ბრძოლისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ნუკრი სენაკის ოცდამეორე ქვეითი ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერის მეოთხე ასეულში მსახურობდა, ის წოდებით კაპრალი იყო.
ფრიდონი ბრეგაძე მესამე ბრიგადაში მსახურობდა, აგვისტოს ომის დროს ნიქოზში იბრძოდა, დაბომბვაში მოყვა და ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
ფრიდონის სერჟანტის წოდება ჰქონდა,ის ათი თვის მანძილზე ერაყში მსახურობდა, იქ ჩადენილი მამაცობისთვის სიგელით და მედლით იყო დაჯილდოვებული.
ფრიდონის ძმა კოტე ბრეგაძე აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ძმასთან ერთად იბრძოდა, რუსული ავიაციის შემოსვლის დროს ხელში დაიჭრა და ნაიარევი მას ხელზე დღემდე ეტყობა.
ფრიდონ ბრეგაძეს და ნიკოლოზ ფორჩხიძეს გარდაცვალების შემდეგ „მხედრული მამაცობისთვის“ მედალი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა.
ტყიბულელი გმირები მშობლიურ სოფელში განისვენებენ – ნიკოლოზ(ნუკრი) ფორჩხიძე- ძიროვანში, ფრიდონი ბრეგაძე – ბუეთში.
ომში დაღუპულ ტყიბულელ მებრძოლებს მშობლიურ მხარეში არასოდეს ივიწყებენ, მათ გმირობაზე დღემდე საუბრობენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
რუსეთ- საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე საქართველოში დიდი ტკივილით იხსენებენ და პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ეკლესიებში იმართება მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები,საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.