ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტყიბულელი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ახალგაზრდებს შორის -100კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. ვერცხლის მედალი -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ).

ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დღეს დაბრუნდა. ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.