საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში ჩავიდა. თურნავა შახტიდან ამოსულ რამდენიმე მეშახტეს შეხვდა და გაესაუბრა.
მინისტრმა შახტის ადმინისტრაციაში, კომპანიის ხელმძღვანელობასთან, პროფკავშირების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემების მოგვარება პრემიერმა გიორგი გახარიამ დაავალა.
შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა განაცხადა-
ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით, დამაიმედებელ შედეგს – გაფიცვა შეწყდა და დღეიდან პრაქტიკულად, ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, დაიწყებს საქმიანობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტყიბულში კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს წარმომადგენლებთან და მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიღწეული იქნა ძალიან დადებითი და დამაიმედებელი შედეგი.
„პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ აქცია, გაფიცვა შეწყდა. დღეიდან პრაქტიკულად ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, დაიწყებს საქმიანობას და მეშახტეებთან ერთად დაიწყებს უკვე შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას. საიმისო მზადყოფნა იქნა გამოცხადებული, რომ ორშაბათს იქნას გასტუმრებული სახელფასო დავალიანება და გარდა ამისა, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა, რომ პრაქტიკულად ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში, დაიწყოს, აღდგეს მოპოვება. ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად ერთ წელიწადზე მეტია, შახტა გაჩერებულია. ასევე, უახლოესი ორი წლის განმალვობაში მოხდება შახტების გაფართოება, მოპოვების გაფართოება, გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაკონტროლებთ, რომ დღეს გაჟღერებული ყველა დაპირება შესრულდეს, განსაკუთრებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემები. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს მიაღწევს, დაიცავს, შეასრულებს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მოხდება სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა თურნავამ.
მანვე აღნიშნა, რომ „საქნახშირი ჯი-აი-ჯისა“ და ინვესტორს შორის რა ფორმის შეთანხმება შედგება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.
„ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ თავად იპოვეს ინვესტორი, რომლისგანაც საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა მოვისმინეთ, თუ როგორ შეასრულებს ვალდებულებებს. როგორი ფორმის შეთანხმება შედგება მათ შორის, ეს არის ორი ბიზნესის საქმე, იქნება ეს სრული გადაბარება თუ პარტნიორობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენთან პასუხისმგებელები გამოდის ახალი ინვესტორი, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ტიპის წიაღისეულის ტრეიდინგში. შეგიძლიათ, დანარჩენი დეტალები, ინვესტორის სახელიც უკვე „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფს ჰკითხოთ. ეს საკმაოდ გამოცდილი ქართული კომპანიაა, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორებიც“, – აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემების მოგვარება პრემიერმა გიორგი გახარიამ დაავალა.