ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს, რომ დღეს გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რისი ვალდებულებაც კომპანიამ აიღო. მინისტრის ინფორმაციით, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ ინვესტორი თავად მოიძია.
„ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდინგში გამოცდილება, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ ნათია თურნავა შეხვდა.