ტყიბულის მუნიციპალიტეტში პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო – ,, მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე სიტყვით ქებული, საქმით ქებული“ გაიმართა.
ღონისძიება განსაკუთრებით იმ 54 პედაგოგს მიეძღვნა, რომელებიც გავიდნენ საჯარო სკოლებიდან და სახელმწიფოსგან საპენსიო ჯილდო მიიღეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მოწვეულ პედაგოგებს დღეგრძელობა უსურვეს და მადლობა გადაუხადეს დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მათ მიუძღვით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
საღამოს მსვლელობისას, ასევე შესრულდა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები და გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა და მისი ძირითადი მიზანი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა გაზიარება და საზოგადოებისთვის წლის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენა იყო.
ბოლო ეტაპზე 11 მონაწილე გადავიდა და სამ ნომიმაციაში გამარჯვებულები გახდნენ:
ღვაწლმოსილი პედაგოგი- ნანა ამბროლაძე -მე-6 საჯარო სკოლა, მურმან მურუსიძე -ახალსოფლის საჯარო სკოლა; წლის საუკეთესო კლასის დამრიგებელი – თინათინ გიორგაძე კურსების საჯარო სკოლა; წლის საუკეთესო მასწავლებელი – ელისო მაწკეპლაძე – გელათის საჯარო სკოლა.
მუნიციპალიტეტისგან პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, გარდა ამისა გამარჯვებულმა მასწავლებლებმა ფულადი პრიზებიც მიიღეს.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტრი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერითა და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.