მიხეილ ცირეკიძის გამოსათხოვარი
არიან ადამიანები, რომელთა ნათელი ხსოვნა დავიწყებით არ იბინდება, რათა მათი საქმე მარად ცოცხლობს მათი ახლობლების, მოსწავლეებისა და კოლეგების გულში.
სწორედ ასეთთაგანი იყო ცუცხვათის საჯარო სკოლის პედაგოგი მიხეილ ცირეკიძე. მოკლე, მაგრამ შინაარსიანი ცხოვრების გზა განვლო. ქართულ-ამერიკული სკოლის ,,პროგრესის“ წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე გააგრძელა. მალე მეოცნებე ახალგაზრდამ მშობლიური სოფლის სკოლას მიაშურა სამუშაოდ.
ზრდილობიანმა და თავმდაბალმა, ნიჭიერმა და განათლებულმა ახალგაზრდამ მალე მოიპოვა კოლეგებისა და აღსაზრდელების დიდი სიყვარული. მაგრამ რა ძნელია, როდესაც ასეთი სასახელო და საყვარელი ახალგაზრდის არყოფნის ჟამი დადგება და მის ადგილს უაზრო სიცარიელე დაისადგურებს… აუტანელი ტკივილი გვბოჭავს, როცა შენს სახელთან საზიზღარ სიკვდილს ვახსენებთ მიშავ! არადა როგორ გიყვარდა სიცოცხლე, შენ ხომ ყოველდღე შეჰხაროდი მას, გვიკვირს ასე უბრალოდ როგორ დასთმე იგი?! როგორ გაიმეტე?
თეთრად გადაპენტილი შენი სოფელი ყოველ გაზაფხულზე დაგელოდება და როცა ცხოვრებიდან წასულს, სასახელო ახალგაზრდებს გაიხსენებენ, ერთ-ერთი შენც იქნები ჩვენო კეთილო, ძვირფასო და დაუვიწყარო კოლეგავ!!!
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი