გერმანიის მთავრობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის მიერ,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ 4 მუნიციპალიტეტს საჩუქრად ახალი საოფისე ტექნიკა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანული მხარის მიერ საოფისე ტექნიკის შეძენის ინიციატივა წარმოადგენს COVID 19-ის პანდემიის გამო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტების შეფერხების აღმოფხვრისა და დამატებითი საჭიროებებისთვის ალტერნატიული დახმარების ფორმას, რომლის შედეგადაც, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დისტანციურად მუშაობის პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება.
„ახალი საოფისე ტექნიკა მოემსახურება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტის ეფექტიან განხორციელებას მომავალში, რომელიც გულისხმობს ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში“,- აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა.
საოფისე ტექნიკის გადაცემას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ესწრებოდნენ სამინისტროს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და GIZ-ის რეგიონული ფონდის წარმომადგენლები.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება.
GIZ -ის აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონული ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს პროექტებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ექვსივე ქვეყანაში ადმინისტრაციული რეფორმების ხელშეწყობის კუთხით. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში არსებული პრაქტიკის გაზიარება, ინოვაციური მიდგომების შემუშავება და ეფექტური თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით, ფონდი ხელს უწყობს საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ პარტნიორობის ქვეყნებში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული სერვისების გაუმჯობესებით მოქალაქეზე ორიენტირებულ და გამჭვირვალე ადმინისტრაციულ პროცესებს.