პირველ რიგში, არანაირი განცხადება გაფიცვის შესახებ ჩვენ არ მიგვიღია,
მეორე, არანაირი მოთხოვნა, უშუალოდ იმ 10 ადამიანის მხრიდან, რომელიც დღეს არის შახტაში, ჩვენ ასევე არ მიგვიღია,- ამის შესახებ “საქნახშირის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მიხაილ სოცკი ტყიბულში, ძიძიგურის შახტაში შექმნილ ვითარებას, გუშინ მეოთხე ობიექტთან ჩატარებულ თათბირს უკავშირებს, რომელიც იანვრის თვეში არსებული გამომუშავების შეჯამებას ეხებოდა. “საქნახშირის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მეოთხე ობიექტის თანამშრომლებმა გეგმა ვერ შეასრულეს და ანაზღაურებაც შესაბამისი მიიღეს.
„მე გუშინ ჩავატარე საერთო თათბირი მეოთხე ობიექტთან და ვუკავშირებ დღევანდელ ვითარებას უშუალოდ ამ თათბირს, ამიტომ, ოფიციალურად არანაირი მოთხოვნა, არანაირი შეტყობინება, არანაირი განცხადება ჩვენ არ მიგვიღია. ადამიანები არიან მიწის ქვეშ და დღეს 9 ადამიანი არის უშუალოდ ამწევ მექანიზმზე და უარს ამბობს იქიდან გამოსვლაზე. საკითხი, რომელიც გუშინდელ თათბირზე განიხილებოდა, იყო შეჯამება იანვრის თვეში არსებული გამომუშავების. მეოთხე ობიექტმა შეასრულა გეგმა 77%-ით, მეორე ობიექტმა შეასრულა გეგმა 110%-ით და მეექვე ობიექტმა -108%-ით. ამ გეგმური მაჩვენებლების მიხედვით იყო განხორციელებული გამომუშავებული ანაზღაურების დარიცხვა. ორმა ობიექტმა, მეორემ და მეექვსემ, მიიღეს გასვლაზე 91 ლარი, გეგმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მეოთხე ობიექტს დაერიცხა 45 ლარი, ამას დამატებული კომპენსაცია რესურსების მეორეული გამოყენებისთვის, რამაც შეადგინა, დაახლოებით, 48 ლარი გასვლისთვის.
ანალოგიური გეგმა იყო ნოემბერში, ანალოგიური გეგმა იყო დეკემბერში, გეგმა სრულდებოდა და გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც ხდებოდა. ნოემბერ-დეკემბერში ეს ობიექტი გეგმას 110%-ით ასრულებდა, იღებდა ბონუსებს და ხელფასს,“- განაცხადა მიხაილ სოცკიმ.
“ინტერპრესნიუსი”