ტყიბულში გაფიცული მეშახტეების პრობლემის გასაცნობად ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მივიდა.
წაქაძე ძიძიგურის შახტის თანამშრომლებს შეხვდა.
მისი თქმით, ის მაქსიმალურად ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში, ამ ეტაპზე კი შახტში მყოფებს საკვები გაუგზავნეს.
მისივე განცხადებით, არსებობს მოლაპარაკების რესურსი და ის ორივე მხარეს შეხვდება.
“მეშახტეებს შევხვდით, გავიგე მათი პრობლემები, ვესაუბრე ადმინისტრაციას და პირველ ეტაპზე რაც იყო აუცილებელი, საკვები გავუგზავნეთ.
რაც შეეხება მოლაპარაკებას, მე მათ შევთავაზე მოლაპარაკება, დარწუნებული ვარ ამოვლენ, თუ არადა სამი კაცი ჩავალთ შახტში და გავმართავთ მოლაპარაკებას. აქ უბრალოდ გაუგებრობაა. მათ დადებული აქვთ ხელშეკრულება, რომელსაც გავივლით ორივე მხარესთან. სთავაზობს ხელმძღვანელობა შეიქმნას კომისია მათი ხელმძღვანელობით. ყველანი ერთად გაივლიან ამ პრობლემებს. თუ ადმინისტრაცია აღმოჩნდება დამნაშავე, ისინი პასუხისმგებელი არიან, რომ აანაზღაურონ ყველა განაცდური ხელფასი.
შესაძლოა, დღესვე მოხდეს შეხვედრა, შესაძლოა, გვიან ღამით ან ხვალ. ვიცით, რომ ხელფასზეა მოთხოვნა და ყველა ერთად გავივლით ამ საკითხს. მე როგორც ვიცი, ამ წუთში შეუძლოდ არავინ არის”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.