ტყიბულში კომპანია “საქნახშირში” საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა,
სადაც გაფიცული მეშახტეების ნაწილის მოთხოვნა განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ მედიასთან განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ საკონსულტაციო საბჭოსა და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა დასაქმებულთა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გაჟღერების ფორმა, რომელიც ძირითადად სამუშაო პროცესის თვითნებურ შეწყვეტაში გამოიხატება.
ამასთანავე, „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, დასაქმებულთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე სრულად განხილულია და საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის.
„დაახლოებით 2 კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან – დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა. კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია.
საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.
კითხვაზე, დაკმაყოფილდება თუ არა დასაქმებულთა მოთხოვნა ანაზღაურების 300 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით, სოცკიმ აღნიშნა, რომ კონკრეტული ოდენობით ხელფასის გაზრდაზე საუბარი არ არის, რადგან ანაზღაურების გაცემისას პრემიებისა და ბონუსების სისტემა მოქმედებს და შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, დანამატებმა, შესაძლოა, 300 ლარს გადააჭარბოს კიდეც.
„ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება, რომ გაიზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია პრემიებისა და ბონუსების გაცემის სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100%-ით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები 300 ლარზე მეტიც იყოს. ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს და მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია (იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ), ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მათზე გაიცემა პრემია და მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი,“- განაცხადა სოცკიმ.