საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4 ოქტომბერს იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად აუდიტორიებში ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4 ოქტომბრისთვის 4%-ზე მაღალი იქნება, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში.
როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით ერჩის ბავშვებს და ახალგაზრდებს. შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამის საფუძველზე და NCDC-ის რეკომენდაციებით, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“ – განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა
მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის.
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს – სკოლების მსგავსად უნივერსიტეტებში სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურ ფორმატში წარიმართება. გამონაკლისია დაშვებული მხოლოდ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის.
უნივერსიტეტებს უფლებამოსილება ეძლევათ, კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით. ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებიან, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები. აღსანიშნავია, რომ თეორიული მეცადინეობა მედიცინის პროგრამების სტუდენტებისთვისაც მთლიანად იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე.
სწავლის ფორმატთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციებსა და მითითებებს სამინისტროსგან ინდივიდუალურად მიიღებენ სკოლები, პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები – როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები, მათი ამოქმედების შესახებ საკოორდინაციო საბჭო 4 ოქტომბრის შემდეგ, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად იმსჯელებს.
ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.