ჩვენი ვალია, რომ რაც შეგვიძლია გვერდში დაგიდგეთ, რაც მთავრობას შეუძლია, ბოლომდე დავიხარჯებით, დაგეხმარებით ყველაფერში,
რაც გასაკეთებელია და რისი გამოსწორებაც შეიძლება, ერთად გამოვასწორებთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, კომპანია “საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა მეშახტეებთან საწარმოში მიმდინარე ცვლილებები განიხილა და ანაზღაურების ახალი სისტემა და ხელფასების მატება დადებითად შეაფასა. აღინიშნა, რომ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, შახტების ტექნიკური მდგომარეობის რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ, შახტების განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება შახტის ინფრასტრუქტურის განახლება, შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, პერსონალის გადამზადება, წარმატებით მიმდინარეობს ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვისა და მეშახტეების ანაზღაურების გაზრდის პროცესიც.
მეშახტეებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორისაა მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის აღდგენის, კურორტ “ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანებისა და სამედიცინო ცენტრის აშენების საკითხები.
მთავრობის მეთაურმა მინისტრებს მეშახტეების მიერ წამოწეული საკითხების უმოკლეს ვადაში განხორციელება დაავალა.
მეშახტეებთან შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე,
ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, “საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი და „კოალ ჯორჯიას“ დირექტორი, ზურაბ აღდგომელაშვილი.
ინფორმაციას და ფოტო, ვიდეო მასალას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.