„საქნახშირის“ მუშაობის მოქნილი გრაფიკი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, პარალელურად სხვა საქმიანობითაც დაკავდნენ. ახალგაზრდა მეშახტეები, გიორგი კუბლაშვილი და შალვა ფორჩხიძე სახელსონოშიც მუშაობენ, სადაც საოჯახო და საოფისე ავეჯი მზადდება.
სხვათა შორის, აღნიშნული სახელოსნო უკვე წლებია ამარაგებს როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ისე რაჭას. სახელოსნოს წარმატებულმა მუშაობამ არაერთი ახალგაზრდა დაასაქმა, მათ შორის მეშახტეებიც.
გიორგი კუბლაშვილი ტყიბულელია, სკოლის დასრულების შემდეგ საუველირო ნაწარმის კეთება შეისწავლა და სამი წელი ოქრომჭედლად მუშაობდა. ამის შემდეგ სამუშაოდ სახელოსნოში გადავიდა, ხელობას დაეუფლა და ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. შახტში მუშაობა 2017 წელს, წყალქცევის უბანში დაიწყო და დღემდე ზეინკალ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს.
გიორგი კუბლაშვილი: „ხუთი წელია შახტში ვმუშაობ, ორივე პროფესეია გენში მაქვს და ოჯახის ტრადიციასაც ვაგრძელებ. ბაბუა მეშახტე და ხელოსანი იყო (ხის დურგალი), ბიძაც ხელოსანია, მამა კი მეშახტე. მომწონს ჩემი სამსახური, საუკეთესო ადამიანებთან მიწევს მუშაობა, მადლობა ჩემი უბნის უფროსს, ელგუჯა ბუაძეს, რომელიც უანგაროდ გვიზიარბეს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას.
ჩვენი ქალაქის არსებობისთვის შახტა დიდი ძალაა. მისი დამსახურებით სიცოცხლის ხალისია ქალაქში. შემიძლია ვთქვა, რომ „საქნახშირის“ ხელფასმა გამაზრდევინა შვილები, ორი პატარა კაცი. ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო შახტიდან მიღებული ჰონორარია. შახტაში მიღებული ხელფასი ჩემი მეუღლისთვის და შვილებისთვისაა განკუთვნილი.
პარალელურად, ჩემს სახელესონოში ვსაქმიანობ, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ვმუშაობთ. საუკეთესო, მეგობრული გუნდი ვართ. გვიყვარს ჩვენი ქალაქი. არსად წავსულვართ, აქ ვცხოვრობთ და ვსაქმიანოთ, მშობლიურ მხარეს ვემსახურებით.
ზოგადად, შრომისმოყვარე ადამიანები ძალიან ჭირს და შესაბამისად, გვიჭირს კადრის პოვნა. მზად ვართ ვასწავლოთ ხელობა და დავასაქმოთ ჩვენს სახელოსნოში ყველა, ვისაც შრომა არ ეზარება.“
შალვა ფორჩხიძე 19 წლის იყო შახტში რომ დაიწყო მუშაობა. ახლა მიწისქვეშა ელმავლის მემანქანეა და ყველა ჰორიზონტზე უწევს მუშაობა. პროფესიული განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტყიბულის ფილიალში მიიღო.
გარკვეული პერიოდით შალვა სხვა ქალაქში იყო სამუშაოდ წასული, თუმცა ტყიბულს დაუბრუნდა და მუშაობა მეგობრებთან, ავეჯის სახელოსნოში დაიწყო. ხელობას მალე დაეუფლა და დღეს უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ხელოსანია.
შალვაც მეშახტეების ოჯახიდანაა. მას ბაბუის სახელი ჰქვია რომელიც წლების განმავლობაში „სტალინის სახელობის შახტზე“ ნახშირის მომპოვებელ უბანში მუშაობდა. მამა დათუნა (დათო) ფორჩხიძეც მეშახტე იყო. 24 წლის შალვა ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
შალვა ფორჩხიძე: „ბაბუა და მამა მეშახტეები იყვნენ და მეც მეშახტე გავხდი. ჩემი სურვილით, ყველაფრის გათვალისწინებით დავიწყე შახტში მუშაობა. ოთხი წელი გავიდა და დღემდე შემართებით ვმუშაობ. ჩემთვის, როგორც მეშახტეთა ოჯახის წარმომადგენელისთვის, არაა რთული შახტში მუშაობა. მიყვარს ჩემი სამსახური, კარგი კოლექტივი და მეგობრები მყავს, მსიამოვნებს მათ გვერდით საქმიანობა.
საუკეთესო გუნდთან ვმუშაობ სახელოსნოშიც. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები.
მიყვარს ჩემი ქალაქი და ტყიბულელები, სურვილიც არ მაქვს სხვაგან წავიდე სამუშაოდ და საცხოვრებლად, მშვენიერი ქალაქია. აკლია რაღაცები, მაგრამ იმედი მაქვს შეივსება, გაკეთდება, კიდევ უფრო გაიზრდება, გალამაზდება. ამის პერსპექტივა არის. ჩვენ, ახალგაზრდები, ჩვენებურად შევიტანთ წვლილს ქალაქის განვითარებაში, მინიმუმ იმით, რომ დავრჩეთ ქალაქში და ვაკეთოთ რაც შეგვიძლია.
ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო შახტაა, ყველა და ყველაფერი შახტაზეა დამოკიდებული. იმედია, მომავალში უფრო განვითარდება სამთო სფერო, მეტ ახალგაზრდას მიიზიდავს და ბევრი დაუბრუნდება ქალაქს. ეს კიდევ უფრო უკეთესს გახდის ტყიბულში ცხოვრებას!“