ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი შეხვდრა მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზში შედგა, რომელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც დაესწრო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 50 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებზე კოვიდ 19-ის საწინაამდეგო ვაქცინით პირველადად აცრის შემთხვევაში 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ითვალისწინებს, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს მიიღებენ.
მერმა აღნიშნა, რომ კამპანია მოიცავს მოსახლეობის სრულად ინფორმირებას, რისთვისაც ცალკეულ ლოკაციებზე იუშავებენ სპეციალური ჯგუფები, მისივე ჩართულობით.
კამპანიის – ’’ავიცრათ ერთმანეთისთვის“ მიზანია ვაქცინაციის აუცილებლობაზე დავარწმუნოთ ადამიანები, ვისაც მცდარი მოსაზრება აქვს და ხელი შევუწყოთ, რათა გაეწიოთ ხარისხიანი მომსახურება. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აიცრას და გაუფრთხილდეს ერთმანეთის ჯანმრთელობას – ეს არის პანდემიის დამარცხების უმთავრესი გზა. მადლობა, ჩვენს ექიმებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ სიცოცხლის გადასარჩენად. მათი პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია, რათა დაინფიცირებული ადამიანების მართვა მოხდეს დროულად და კვალიფიციურად“, – განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ. პანდემიასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და იმუნიზაციის აუცილებლობაზე ასევე ისაუბრეს ააიპ-ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მადონა ქასრაძემ, სსიპ-’’საგანგებო სიტუაციების კორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ტყიბულის რაიონულმა მენეჯერმა მაგდა კობახიძემ და სს-’’ევექსის კლინიკების“ ტყიბულის კლინიკის მენეჯერმა, იური ელიაშვილმა.
შეხვედრას, რომელიც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.