სოფელ ახალსოფელში წმინდა გიორგის სახელობის ორ საუკუნოვან ეკლესიაში წირვა-ლოცვა გასული წლის იანვრიდან აღდგა. განახლებული ტაძარი ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძემ) თავად აკურთხა. XIX საუკუნის სამოციან წლებში აგებული ეკლესია 80 წელი უმოქმედო იყო, თუმცა სოფლის მკვიდრის, ბერი მამა დავითის უშუალო მონდომებითა და უამრავი ადამიანის შემოწირულობებით, რომელთა შორის საბერძნეთში მცხოვრები ქართველების წვლილი დიდი იყო, ტაძარი აღდგა.
მამა დავითს წინაპრების ეკლესიის აღდგენის შემდეგ, ტაძართან ახლოს დედათა მონასტრის გაკეთების იდეა გაუჩნდა. ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით იდეა რეალურ საქმედ იქცა და ტაძრის მიმდებარედ სახლი შეიძინეს. ავარიული შენობის სარეაბილიტაციოდ უკვე ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. დედათა მონასტრის მშენებლობის ხარჯებიც მამა გიორგი ბასილაძის ათენში მცხოვრებმა მრევლმა გაიღო.
რეაბილიტაციის პროცესში მყოფი დედათა სამყოფელი ორსართულიანია. პირველი სართულის ფართი სატრაპეზოდ და სასაწყობედაა განკუთვნილი. მეორე სართულზე კი ძირითადად მოსასვენებელი და საძინებლები განთავსდება. სარემონტო სამუშაოები ამჟამად მხოლოდ მეორე სართულზე იქნა ჩატარებული. გაილესა და კოსმეტიკურად შეთეთრდა კედლები, გაკეთდა ჭერი. შეიცვალა კარ-ფანჯრებიც. იმის გამო, რომ იქ მყოფ დედებს მეურნეობით მოუწევთ თავის რჩენა, მონასტერთან ახლოს საქონლის ბაგაც შენდება.
სამონაზვნე ელენე ერთ-ერთია იმ დედებს შორის, ვინც ახალსოფლის დედათა მონასტერში იმოღვაწევებს. იგი წარმოშობით ოკრიბელია და გარკვეული წლები საბერძნეთში იცხოვრა. მონაზვნობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ამიტომ ამ ტვირთის ზიდვა კვლავ თავის მხარეში გადაწყვიტა.
სულიერად სამოღვაწეოდ მსურველთათვის მომავალში მონასტრის კარი ღია იქნება. თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ მისი მშენებლობა ბოლომდე მივიდეს. რეაბილიტაციის პროცესის დასრულება შემომწირველთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ახალსოფლის დედათა მონასტერი მოქმედი.
თეონა ჯანელიძე