ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, რეგიონში მომხდარმა სტიქიამ ქალაქ ტყიბულის ცენტრალური და მომიჯნავე ქუჩები დატბორა,
ასევე დაიტბორა სოფლების უმეტესობა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
მისი თქმით, თუმცა სოფელ კურსებში მოვარდნილი ღვარცოფის გამო, ოთხი ადამიანი ხმელეთს მოწყვეტილი აღმოჩნდა, რომელთაც ევაკუაცია დასჭირდათ.
„ძალიან რთული და მძიმე ღამე, რომელიც სტიქიამ, კერძოდ ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. დაიტბორა ქალაქ ტყიბულის ცენტრალური და მომიჯნავე ქუჩები, მასიური ხეების წაქცევის გამო ჩაიკეტა სოფელ ჭყებში ცენტრალური გზა. ტყიბული-ორპირის მაგისტრალზე, სოფელ კურსებში მოვარდნილი ღვარცოფის გამო ოთხი ადამიანი აღმოჩნდა ხმელეთს მოწყვეტილი, დაიტბორა სოფლების უმეტესობა და დაზიანდა ბოგირები, საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით ცენტრალური მონაკვეთები ცუცხვათში, ორპირში, გელათში, კურსებში.
სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გაიხსნა ჩაკეტილი გზები, სოფელ კურსებში მოხდა ოთხივე ადამიანის ევაკუაცია და უსაფრთხოდ არიან. საბედნიეროდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ გვაქვს მსხვერპლი და დილიდავნე გაგრძელდება სამუშაოები, ასევე, დაიწყება სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლა“, – აცხადებს დავით ჩერქეზიშვილი.