9 და 10 ნოემბერს თბილისში საქართველოს თასის პირვლობა გაიმართა “კუნგ-ფუ სანდაში”. ტრადიციული ტურნირი დიღმის საჭიდაო კომპლექსში მიმდინარეობდა. შეჯიბრებები “საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის” ეგიდით ჩატარდა.
მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა კუთხის ორთაბრძოლების ოცდახუთმა კლუბმა მიიღო. 142 მონაწილე 27 წონით კატეგორიაში იქნენ გადანაწილებული, რომელთა შორის 15 გოგონა ასპარეზობდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ასევე ირანის სამმა სპორტსმენმა.
შეჯიბრებებს წინ საზეიმო გახსნა უძღვოდა, სადაც მონაწილეებს ფედერაციის ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე და ირანის გუნდის ხელმძღვანელი მასუდ ჯაფარი მიესლამნენ და სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს. აქვე გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები სხვადასხვა სტილში.
აღნიშნულ ტურნირზე ტყიბული სამი გუნდით იყო წარმოდგენილი. ტყიბულის კლუბ “რატისთან” ერთად შეჯიბრებაზე იმყოფებოდნენ მუხურისა და ტყიბულის კარატეს სკოლები. საკმაოდ დაძაბული ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლების შედეგად კლუბ “რატის” სპორტსმენებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ექვსი პირველი ადგილი მოიპოვეს, რის შედეგადაც ისინი 25 კლუბს შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. ჩემპიონები გახდნენ: დათო ფოცხვერაშვილი, გიორგი ჭიჭიკოშვილი, სერგო გაბრიჭიძე, გიორგი რაზმაძე, გიორგი კობერიძე და მიშა მესხი.
სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. კლუბ “რატის” ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე მადლობას უხდის ქალაქის სპორტულ ცენტრს და მის ხემძღვანელს ვალერი კობახიძეს ტურნირზე გამგზავრებაში დახმარებისათვის.
თეონა ჯანელიძე