ქუთაისში იმერეთის მხარის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით,
პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში პირველად გაიმართა ქალაქ დეჩინის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლის ელისკა სტრელკოვას პრეზენტაცია თემაზე ქალაქ დეჩინის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება. მან ჩეხეთის პატარა მწვანე ქალაქის მაგალითზე, პოსტინდუსტრიული ქალაქის ახალი სიცოცხლის მიცემის მიზნით, დამსწრე აუდიტორიას მდგრადი ტურიზმის, ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგის, სოციალური მედიისა და PR-აქტივობების შესახებ გაუზიარა თავისი პროფესიული მრავალწლიანი გამოცდილება, რაც იმერეთის რეგიონში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ეტაპებზე ახალი, ან თანმიმდევრული ინიციატივების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის პიარის სპეციალისტები, კულტურის, ტურიზმის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჰოვარდ ჰარდინგი, CESL- ის ჯგუფის ხელმძღვანელი:
„CESL უაღრესად მოხარულია ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას ჩეხეთის დეჩინის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებთან დასავლეთ საქართველოში. ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება ადგილობრივი ეკონომიკის გარდაქმნის შესახებ, მაგალითად, მძიმე ინდუსტრიიდან გადასვლა ტურიზმზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე უნდა იყოს უშუალო ინტერესი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის. გარდა ამისა, ცოდნის ეს ტრანსფერი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირს (რომელიც აფინანსებს CESL-ს) და მის წევრ ქვეყნებს (ამ შემთხვევაში გერმანია, როგორც CESL-ის თანადამფინანსებელი და ჩეხეთი) ერთობლივად იმუშაონ საქართველოს რეგიონების სასარგებლოდ.“
ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.