დამსახურებული პედაგოგის, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნის, ტყიბულის საპატიო მოქალაქის ანრო ცირეკიძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
გერმანული ენის ფილოლოგი ქალბატონი ანრო, „ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნის კონკურსის 6 გზის გამარჯვებულია. მან პირველი გამარჯვება 22 წლის ასაკში მეოთხე კურსის სტუდენტმა მოიპოვა. მას შემდეგ დღემდე მრავალი წარმატება და პრიზი აქვს მიღებული.
ქალბატონი ანრო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. პედაგოგიური საქმიანობა 1967 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში დაიწყო, 1968 წელს სამუშაოდ ორპირის საშუალო სკოლაში გადავიდა გერმანულის მასწავლებლად, სადაც მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა, იყო დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, სასწავლო ნაწილის გამგე, მეთოდისტი მასწავლებელი, უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი. მან წლების მანძილზე ბევრი თაობა აღზარდა, რომლებიც დღეს სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები არიან.
ღვაწლმოსილი პედაგოგის საიუბილეო საღამო მის საპატივცემულოდ ორპირის საჯარო სკოლაში გაიმართა,სადაც ქალბატონი ანრო 40 წლის მანძილზე მსახურობდა. ღონისძიებას სკოლის პედაგოგიური კოლექტივი,მისი აღზრდილები,მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მათ ისაუბრეს ქალბატონი ანროს ღვაწლის შესახებ და მის დიდ ნიჭიერებაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ცნობილი. საიუბილეო საღამო სკოლის დირექტორის ირინე ბერეკაშვილის ხელმძვანელობით გაიმარა, რომელიც მრვალი კარგი ღონისძიების ავტორი და შემოქმედია.