“ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასზე” მოსწავლე-ახალგაზრდობის სპარტაკიადა ჩვენთან უკვე მეათე წელია ტარდება. სპარტაკიადა 4 მარტს გაიხსნა და იგი 18 ოქტომბრამდე ორ ზონად, ქალაქსა და სოფლად ჩატარდა. სპარტაკიადის რვა სახეობაში მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლის 889 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებები პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლების გარდა, ორპირის, კურსების, გურნისა და სოჩხეთის საჯარო სკოლების მოედნებსა და დარბაზებში ჩატარდა.
23 ოქტომბერს კი სპარტაკიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა. მეათე სპარტაკიადაში გუნდური I ადგილი #1 საჯარო სკოლამ დაიკავა 479 ქულით, 321 ქულით II ადგილზე #6 საჯარო სკოლა გავიდა. III საპრიზო ადგილი კი 308 ქულით სოჩხეთის საჯარო სკოლას ხვდა წილად.
ამ დღეს გამოვლიდნენ ასევე გამარჯვებული სკოლები სპორტის სახეობების მიხედვით. დაჯილდოვების ცერემონიალს საჯარო სკოლების დირექტორები და ფიზიკური აღზრდის პედაგოგები ესწრებოდნენ. აქვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. მათ გამარჯვბულ სკოლებს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები პირადად გადასცეს.
სპორტულ შეჯიბრებებში დისციპლინის განმტკიცების მიზნით წელს პირველად მუნიციპალიტეტმა სპეციუალური პრიზები დააწესა ათი საუკეთესო სპორტსმენის დასაჯილდოვებლად. ასევე პირველად დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სკოლების სპორტის მასწავლებლები შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და ფულადი პრემიებით.
ამავე დღეს მოხდა იმ მოკრივეთათვის პრიზების გადაცემა, რომელთაც საჩხერეში გამართულ შეჯიბრებაზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. აღნიშნულ ტურნირზე ტყიბულელი სპორტსმენები ოთხი I და ერთი II ადგილის მფლობელები გახდნენ. მათ მიღწეული წარმატებისათვის მუნიციპალიტეტისგან შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
თეონა ჯანელიძე